გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ჩინეთის ელჩი ჭოუ ციენი: ზოგიერთი ქვეყანა, აშშ-ის მეთაურობით ერთის მხრივ აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ამავდროულად დაუფიქრებლად ფეხქვეშ თელავს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

16-05-2023

ზოგიერთი ქვეყანა, აშშ-ის მეთაურობით, ერთის მხრივ აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ამავდროულად, დაუფიქრებლად ფეხქვეშ თელავს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,  - ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


როგორც ჭოუ ციენმა აღნიშნა, ჩინეთის ქმედებები ყოველთვის თანმიმდევრულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ქვეყნების სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას.


მან პარალელი გაავლო ოკუპირებულ აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და ტაივანს შორის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ერთი ჩინეთის პრინციპის დაცვას გააგრძელებს.


ელჩის თქმით, ქართული საზოგადოება მარტივად გაიგებს, თუ რას ნიშნავს ჩინეთისთვის ტაივანის ხელისუფლების ქმედებები, ვინაიდან ორივე სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა აქვს.  


„ჩინეთი პატივს ცემს გაეროს წესდების პრინციპებსა და მიზნებს, მისი ქმედებები ყოველთვის თანმიმდევრულია, განსაკუთრებით კი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის მხრივ, იგი არასდროს იყენებს ორმაგ სტანდარტებს. ამის საპირისპიროდ ზოგიერთი ქვეყანა, აშშ-ს მეთაურობით ერთის მხრივ აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ამავდროულად დაუფიქრებლად ფეხქვეშ თელავს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.


ცოტა ხნის წინ ტაივანის რეგიონის ლიდერი ცაი ინ ვენი გვატემალასა და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში ჩავიდა და ვითომ ტრანზიტით აშშ-ში ორჯერ გაჩერდა, რა დროსაც წარმომადგენელთა პალატის სპიკერს კევინ მაკარტისა და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდა. ტაივანი და აშშ იმეორებენ რომ ცაი ინ ვენი ტექნიკური მიზეზით გაჩერდა აშშ-ში. როდესაც ასეთი დონის ოფიციალურ პირებთან ეწყობა შეხვედრები და მთელი რიგი ღონისძიებები დეტალურად არის გაწერილი ასეთი განცხადება დამაჯერებელია? ტაივანის ლიდერის ე.წ. ტრანზიტით გაჩერება არის ფარსი, მისი მიზანია დიპლომატიური გარღვევა და ტაივანის დამოუკიდებლობის პროპაგანდირება.


ვფიქრობ, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო მოხელეების ფარული ვიზიტების და ე.წ. შეხვედრების გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენი ქართველი მეგობრები ადვილად გაიგებენ თუ რას ნიშნავს ჩვენთვის ტაივანის საკითხი და ტაივანის ხელისუფლების ქმედებები. იმედი გვაქვს, რომ საქართველო, როგორც ჩვენი მეგობარი სახელმწიფო გააგრძელებს ერთი ჩინეთის პრინციპის დაცვას და ყურადღებას მიაქცევს ტაივანის ხელისუფლების წარმომადგენლების აქტივობას საქართველოში და გავაგრძელებთ ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“ - აღნიშნა ჭოუ ციენმა.