18-05-2023
საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმიანობის აუდიტორული შემოწმების შედეგები ცნობილია
„საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ უფლებამოსილებას, კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქცია მოვალეობებთან ერთად, საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარება წარმოადგენს. საქპატენტს კანონით აქვს მინიჭებული უფლება შეისწავლოს ავტორთა ქონებრივი უფლებების მართვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია.
ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში ავტორთა უფლებებს კოლექტიურ საფუძველზე მართავს ა(ა)იპ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაა (შემდგომ – ასოციაცია), რომლის გამგეობის თავმჯდომარე 2011 წლიდან დღემდე გიგა კობალაძეა.
ასოციაციის უმთავრესი ამოცანაა შეაგროვოს და სამართლიანად გაანაწილოს ავტორებზე მათი კუთვნილი უფლებების მართვიდან მიღებული ჰონორარები.კანონით დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულების მიზნით, საქპატენტმა 2023 წლის 3 თებერვალს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი, რომლის მიზანი 2021-2022 წლების განმავლობაში ასოციაციის მიერ ავტორთა ქონებრივი უფლებების მართვის ეფექტიანობის შესამოწმებლად აუდიტორული მომსახურების შესყიდვა იყო.
დავაზუსტებთ, რომ აუდიტორული შემოწმების შესახებ საქპატენტმა ოფიციალურად აცნობა ასოციაციას 2022 წლის 19 დეკემბერს და ამ საკითხზე საქპატენტში შეხვედრისა თუ სხვა არაერთი, მათ შორის, წერილობითი კომუნიკაციის შემდეგ, ასოციაციამ 2023 წლის 12 იანვარს წერილობით გამოხატა თანხმობა ეთანამშრომლა აუდიტორულ კომპანიასთან და მიეწოდებინა მისთვის ავტორთა ქონებრივი უფლებების მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტები. გადაწყვეტილებას აუდიტორული შემოწმების შესახებ წინ უძღოდა არაერთი, მათ შორის, საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია საქართველოში ავტორთა ქონებრივი უფლებების სფეროში შესაძლო დარღვევების შესახებ.
განსაკუთრებით საყურადღებო იყო USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით აღნიშნულ საკითხზე განხორციელებული რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის შედეგები, რომლებიც მიუთითებდნენ ავტორთა ქონებრივი უფლებების მმართველი ორგანიზაციების, მათ შორის, ასოციაციის მხრიდან, სავარაუდო გადაცდომების შესახებ, განსაკუთრებით კი ჰონორარების შეგროვებისა და განაწილების პროცესში გაუმჭვირვალობის, თუ სხვა მნიშვნელოვანი დარღვევების თაობაზე.
მიმდინარე წლის 28 აპრილს ელექტრონული ტენდერის გზით შერჩეულმა აუდიტორულმა კომპანიამ საქპატენტს, როგორც დამკვეთს, წარმოუდგინა ასოციაციის საქმიანობის შემოწმების ანგარიში, რომლის თანახმად, ასოციაციის საქმიანობაში არაერთი ხარვეზი გამოვლინდა. იმის გათვალისწინებით, რომ აუდიტის ანგარიში 140 გვერდისგან შედგება და ასახავს ასოციაციის საქმიანობის მრავალ ნაკლოვანებას, ამ განცხადებაში არსებული დარღვევებიდან მხოლოდ რამდენიმე მაგალითზე გავამახვილებთ ყურადღებას.როგორც ირკვევა, ასოციაციას დარღვეული აქვს შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვის მეთოდი, კერძოდ, ასოციაცია დარიცხვის მეთოდის ნაცვლად, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, ე.წ. საკასო მეთოდს იყენებს. სათანადო ინფორმაციის ასოციაციაში არ არსებობის გამო კი აუდიტმა ვერ დაადგინა თუ რა თანხის გადახდის ვალდებულება გააჩნდა/გააჩნია ასოციაციას სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე.
ასოციაციის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე, აუდიტის ანგარიშში მითითებულია, რომ 2021 წელს ასოციაციის მიერ ავტორთა ქონებრივი უფლებების განკარგვის გზით შეგროვებული ჰონორარების ჯამმა შეადგინა 3 822 063 ლარი. ასოციაციის წესდების მიხედვით დამტკიცებული წესის თანახმად, შეგროვებული ჰონორარიდან ადმინისტრაციული ხარჯისათვის ასოციაციას შეუძლია გამოიყენოს არაუმეტეს 20 %. ანუ ასოციაციას, იმ სამუშაოსთვის, რომელსაც იგი ავტორთა ჰონორარების შეგროვებისა და განაწილებისათვის ეწევა, უფლება აქვს შეგროვებული თანხის არაუმეტეს 20 % მიიღოს. თუმცა აუდიტმა დაადგინა, რომ ადმინისტრირებისათვის არა 20 % არამედ 47 % გაიხარჯა. უფრო ზუსტად კი ასოციაციის მართვის ხარჯმა შეადგინა 1 791 597 ლარი.
გასათვალისწინებელია, რომ ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2014 წლის 26 თებერვლის 2014/26/EU დირექტივის მიხედვით, მართვის საფასური უნდა იყოს გონივრული და არ უნდა აღემატებოდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებების მართვის დოკუმენტირებულ ხარჯებს. საინტერესოა, რომ აუდიტის ანგარიშში, ამ მიგნებასთან ერთად ასოციაციის განმარტებაცაა მითითებული, სადაც აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული ხარჯის ასეთი დიდი მოცულობა პანდემიის პერიოდში შემოსავლების შემცირებითა და არსებული ფიქსირებული ხარჯით იყო განპირობებული, მათ განმარტებაზე უფრო საინტერესო კი ის „ფიქსირებული“ ხარჯია, რომელიც ასოციაციამ პანდემიის პერიოდში ავტორთა ჰონორარებიდან გახარჯა.
ირკვევა, რომ ადმინისტრაციული ხარჯის ძირითადი ნაწილი თანამშრომლებზე გაცემული შეუსაბამოდ მაღალი სარგებელია. მაგალითად, ასოციაციაში ერთ-ერთ ხელმძღვანელ პოზიციაზე დასაქმებულმა პირმა 2021 წელს სარგებლის სახით 233 062 ლარი მიიღო (მათ შორის: ხელფასი 150 000 ლარი; პრემია 6 250 ლარი; ბონუსი 25 000 ლარი და სარგებელი 51 812 ლარი, რომელიც, თავის მხრივ, უცხოეთში სწავლის ღირებულებას – 28 086 ლარს, ნორმის ზემოთ მივლინების თანხას – 19 417 ლარს, დაზღვევის საფასურს – 2 921 ლარს, სასაჩუქრე ვაუჩერის ღირებულებას – 188 ლარს და ავტომანქანით სარგებლობის ღირებულებას – 1 200 ლარს მოიცავს).
დამატებით აღნიშვნის ღირსია, რომ ასოციაციამ 2021 წელს ავტორთა ქონებრივი უფლებების მართვის, მათი კუთვნილი ჰონორარების შეგროვებით მიღებული თანხიდან 42 316 ლარის ღირებულების ავტომობილი შეიძინა. აუდიტის ანგარიშით დგინდება, რომ გასული 2021 წლის მსგავსი მდგომარეობა დაფიქსირდა 2022 წელსაც, კერძოდ, ასოციაციის ავტორთა უფლებების მართვის შედეგად შეგროვებული 5 412 250 ლარიდან ასოციაციის მართვის ხარჯმა, ნაცვლად 20%-ის შეადგინა 40%, კერძოდ, 2 158 279 ლარი.გასულ წელთან შედარებით გაზრდილი შემოსავლებიდან 2022 წელსაც მნიშვნელოვანი თანხები ქონებრივი უფლებების მფლობელ ავტორთა ნაცვლად, ადმინისტრაციასა და მაღალ პოზიციებზე დასაქმებულ პირებს მოხმარდა.
მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებულმა იგივე პირმა კი 2022 წელს სარგებლის სახით 336 569 ლარი მიიღო (მათ შორის: ხელფასი 143 750 ლარი; პრემია 27 500 ლარი; ბონუსი 37 500 ლარი და სარგებელი 127 819 ლარი, რომელიც მოიცავს სწავლის ღირებულებას – 77 957 ლარს, ნორმის ზემოთ მივლინების თანხას – 42 516 ლარს, დაზღვევის ღირებულებას – 5 959 ლარს, სასაჩუქრე ვაუჩერის ღირებულებას – 188 ლარს და ავტომანქანით სარგებლობის ღირებულებას – 1 200 ლარს).
ამავდროულად, ასოციაციამ 2021 წელს თუ ავტომობილი შეიძინა, 2022 წელს შეისყიდა უძრავი ქონება ქალაქ ბათუმში, რომლის ღირებულებამ 146 669 ლარი შეადგინა.ზემოთ აღწერილ ხარვეზებთან ერთად, ვფიქრობთ, აღნიშვნის ღირსია აუდიტის ანგარიშში მითითებული კიდევ ერთი ნაკლოვანება, კერძოდ დგინდება, რომ ასოციაცია სადეპოზიტო ანაბარზე დარიცხულ თანხას (2021 წ – 2 804 ლარი, 2022 წ – 9 599 ლარი) არამიზნობრივად იყენებდა ადმინისტრაციული ხარჯებისთვის ავტორებზე განაწილების ნაცვლად.
დამატებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ 2023 წლის 7 აპრილს, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ წერილობით მიმართა საქპატენტს და აცნობა, რომ 2023 წლის 23 აპრილს ტარდებოდა ასოციაციის საერთო კრება, რომელზეც განიხილებოდა 2022 წლის საქმიანობის შეჯამება და ანგარიშის დამტკიცება, ასოციაციის წესდებასა და ავტორთა საბჭოს დებულებების ახალი რედაქციების მიღება, ავტორთა საბჭოს, გამგეობისა და თავმჯდომარის არჩევა, ასევე, ასოციაციის საქმიანობის მომავალი სტრატეგიული გეგმების წევრებისთვის გაცნობა.
საქპატენტმა წერილობით მიმართა ასოციაციას საერთო კრების გადადებასთან დაკავშირებით (ვინაიდან მიმდინარეობდა ზემოხსენებული აუდიტორული შემოწმება და არსებობდა შესაძლებლობა, რომ შემოწმების დასრულების შემდგომ აუდიტის ანგარიშში აისახებოდა ასოციაციის საქმიანობის შესახებ რიგი მიგნებები და გაიცემოდა შესაბამისი რეკომენდაციები), რათა შესაძლებელი ყოფილიყო აუდიტის შედეგების სრულყოფილი გაცნობა და ასოციაციის სტრატეგიული გეგმებისა და მომავალი საქმიანობის აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განსაზღვრა. მიუხედავად საქპატენტის დასაბუთებული მოთხოვნისა, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ არ გადადო საერთო კრება, უფრო მეტიც, კიდევ ერთხელ აირჩიეს მოქმედი გამგეობის თავმჯდომარე, თუმცა, როგორც ირკვევა, საერთო კრების კანონმდებლობის მოთხოვნათა შეუსაბამოდ ჩატარებისა და პროცედურული დარღვევების გამო, ასოციაციის საერთო კრების შედეგები საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა. აღნიშნულ საკითხზე საჯარო რეესტრის მიერ დადგენილი ხარვეზი საჯაროა და გამოქვეყნებულია მის ოფიციალურ ვებგვერდზე, დარღვევებს შორის კი ისეთი მნიშვნელოვანი გადაცდომებია მითითებული, როგორიცაა:
• წევრთა საერთო კრების ოქმი არ შეიცავს მოქმედი კანონმდებლობით კრების ოქმისთვის განსაზღვრულ მონაცემებს; მითითებას საერთო კრების მოწვევის პროცედურის დაცვასა და ამ კრების გადაწყვეტილებაუნარიანობაზე;
• წევრთა საერთო კრების ოქმით მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებს, ამასთან, დღის წესრიგის 2 საკითხს წარმოადგენდა წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება, თუმცა კრების ოქმით არ დგინდება კრების მიერ წესდების ახალი რედაქციის დამტკიცების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ფაქტი;
• წესდებით არ დგინდება საზოგადოების წევრის მიღებაზე უფლებამოსილი პირი/ორგანო; ასევე წესდებით სრულყოფილად არ დგინდება გამგეობის სხდომის მოწვევის წესი და პროცედურა;
• სარეგისტრაციოდ წარმოდგენილია წესდების ახალი რედაქცია და შესაძლოა განხორციელდეს სუბიექტის რეგისტრირებული მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანის რეგისტრაცია, რასთან დაკავშირებითაც წარმოდგენილი უნდა იყოს სრულყოფილად შედგენილი სადამფუძნებლო შეთანხმება ან წესდება.
აუდიტის ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ, ავტორთა ქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით, აუცილებელია ეფექტიანი ზომების დროულად მიღება. ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიურ მართვასთან დაკავშირებით მოქმედ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გასწორება. ამ მიზნით უცხოელი პარტნიორების (CLDP, USAID) ჩართულობითა და, ასევე, მოწვეული უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტთან ერთად, მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის განხილვას პარლამენტი უახლოეს მომავალში გეგმავს“, - აღნიშნულია საქპატენტის განცხადებაში.