გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თსუ-ში„აფხაზეთობა“ აღინიშნა

25-05-2023

აფხაზეთზე, მის წარსულსა და დღევანდელობაზე, აფხაზ ხალხთან მეგობრობაზე, ქვეყნის გაერთიანებაზე ისაუბრეს აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

 

ღონისძიებას, რომელსაც  თსუ რექტორი ჯაბა სამუშია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, თსუ სტუდენტები, პროფესორები ესწრებოდნენ.

 

შეხვედრაზე გამოიფინა აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნახატები, რომელიც აფხაზეთის თემატიკას ეხებოდა.

 

"ვიდრე ჩვენი ქვეყანა არ გაერთიანდება, ტკივილი, რომელსაც აფხაზეთი ჰქვია, იქნება მოუშუშებელი. აფხაზეთი, განსაკუთრებით ჩვენი თაობისთვის, არის უდიდესი ტკივილი, რადგან ჩვენ შევესწარით იმ დიდ ტრაგედიას, რასაც აფხაზეთის ომი ქვია. ეს არ იყო აფხაზებსა და ქართველებს შორის ომი, ეს იყო რუსეთისა და საქართველოს ომი. მინდა, დღეს აქედან შევუთვალოთ ჩვენს ძმებს, აფხაზებს, რომ ჩვენ ერთნი ვართ“,-განაცხადა თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ „აფხაზეთობის“ დღის ფარგლებში სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა თსუ სტუდენტებს გააცნეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიება იმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კედლებში, ვინაიდან უნივერსიტეტის წვლილი არის ძალიან დიდი იმ პროცესში, რომელიც ისტორიულად დაკავშირებულია აფხაზეთთან.

 

„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ შევხვდეთ სტუდენტებს, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, ვესაუბროთ აფხაზეთზე, გავუზიაროთ ჩვენი ემოციები. იმედი მაქვს, გავაგრძელებთ ამ ფორმატში შეხვედრებს. ჩვენ ძალიან ბევრი საინტერესო ერთობლივი პროექტი გვაქვს აფხაზური ისტორიის, კულტურის, ენის დაცვასთან დაკავშირებით, სადაც ჩართულები არიან თსუ სტუდენტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები“,-აღნიშნა რუსლან აბაშიძემ.

 

„გვიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა შევხვდეთ სტუდენტებს და გავაცნოთ მათ ის მდგომარეობა, რაც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მეორე მხრივ, კი ვემზადოთ მშვიდობისთვის და ერთიანი საქართველოს მშენებლობისთვის, რაც ყველა სტუდენტის და მომავალი თაობის წარმომადგენლის ვალია. მჯერა, რომ ყველანი ერთად, ახალგაზრდული ენერგიით მოვახერხებთ ერთიან, ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად თანაცხოვრებას“,- განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ.

 

„მიხარია, რომ უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორებთან ვისაუბრეთ ჩვენს ძმებზე და დებზე, აფხაზებზე, ჩვენს უსაყვარლეს და ულამაზეს კუთხეზე, რომელიც სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ ერთიანობაში არ არის, მაგრამ გვაქვს იმედი და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ გაერთიანებულ საქართველოში ვიცხოვრებთ ქართველები და აფხაზები. არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ერთიანობა, და ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა ნინო წილოსანმა.

 

ღონისძიება - „აფხაზეთობა თსუ-ში“ „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოსა“ და  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა, რომელიც თსუ ანსამბლის „უნივერსიტეტის“  მიერ შესრულებული აფხაზური სიმღერით გაიხსნა. თსუ ქორეოგრაფიული ანსამბლი „უნივერსიტეტი“ კი აფხაზური ცეკვით წარდგა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე „აფხაზეთის დღედ“ გამოცხადდა. 2014 წლიდან „აფხაზეთობა“ ყოველწლიურად, სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.