30-05-2023
„გასაგებია, როდესაც ვსაუბრობთ ნავთობზე, გაზზე, ან ისეთ სტრატეგიულ ნედლეულზე, როგორიც არის ხორბალი, ატომური საწვავი, რკინა, ან ალუმინი, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის ის ნედლეული, რომლის არ მიწოდება დააზარალებს ევროპის ქვეყნებს, მაგრამ ძალიან გაუგებარია, როდესაც სანქციები არ ეხება ფუფუნების ისეთ საგანს, როგორიც არის რუსული ალმასი და მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ალმასის ევროპაში არ შეტანა დააზარალებს ალმასის ბირჟას, რომელიც არის ბელგიაში”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი ევროკავშირის ელჩის მიერ ქართული მხარისთვის გუშინ გადმოცემულ დემარშს.
სუბარმა გამოსვლა თურქეთისთვის წარმატებით ჩატარებული არჩევნების, ხოლო რეჯეფ ტაიპ ერდოღანისთვის გამარჯვების მილოცვით დაიწყო. შემდეგ კი გამოეხმაურა ელჩების დემარშს და აღნიშა, რომ ეს უკვე მეორე დემარშია ბოლო სამი თვის განმავლობაში.
„პირველად ელჩებმა 27 თებერვალს გამოთქვეს „შეშფოთება” მიხეილ სააკაშვილის ვითომ გაუარესებული ჯანმრთელობის მდგობარეობის გამო, თუმცა ზუსტად თვენახევარში ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ ეს იყო სრული ფალსიფიკაცია, არანაირი საფუძველი ამ შეშფოთებას არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ამის შემდეგ ელჩებისგან არ მოგვისმენია არც ბოდიშის მოხდა ქართული საზოგადოების წინაშე და არც – სინანული იმის გამო, რომ ისინი იქცნენ დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილად.
რაც შეეხება გუშინდელ დემარშს, გუშინ ელჩებმა გამოთქვეს წუხილი, რომ აღდგა პირდაპირი ფრენები რუსეთსა და საქართველოს შორის და პრაქტიკულად რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოგვიწოდეს. ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის თქმით, მნიშვნელოვანია არა ის, რა გეოპოლიტიკურ ვითარებაში იმყოფება საქართველო, ან ის, რომ ეს ფრენები არ იქნება გამოყენებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით, არამედ რაღაც აბსტრაქტული და პირადად ჩემთვის გაუგებარი პოლიტიკური არსი.
თუმცა თუ პოლიტიკურ არსს ჩავუღრმავდებით, ალბათ შეგვიძლია გარკვეული მაგალითები მოვიყვანოთ და ამ ბოლო დროს არაერთი ასეთი მაგალითი მოუსმენია ჩვენს საზოგადოებას. ცუდი უბრალოდ ის არის, რომ მეგობარი ქვეყნების ელჩები ხშირად იმპერატიული ტონით გვკარნახობენ როგორ მოვიქცეთ და თან, რაც ყველაზე ცუდია, აბსოლუტურად სხვადასხვა კრიტერიუმები აქვთ თავიანთი ქვეყნებისთვის, და ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის.
რაც შეეხება მაგალითებს: შარშან, უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე 2.5 %-ით გაიზარდა ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან და 258 მლრდ ევრო შეადგინა, რაც დღეში 700 მლნ ევროზე მეტია. ანუ ევროკავშირი ყოველ ოთხ დღეში უფრო მეტს ვაჭრობს რუსეთთან, ვიდრე საქართველო – მთელი წლის განმავლობაში. ან კიდევ: ევროკავშირმა შარშან ერთი მხრივ, შეამცირა რუსეთისგან ბუნებრივი აირის ყიდვა, თუმცა მეორე მხრივ, 50%-ით გაზარდა რუსეთისგან თხევადი გაზის შესყიდვა და ეს ფაქტი რაღაცნაირად მიჩქმალულია და ამაზე არავინ საუბრობს. ან კიდევ – ევროკავშირმა შეამცირა რუსეთისგან ნავთობპროდუქტების ყიდვა და სამაგიეროდ, ყიდულობს ძალიან დიდი რაოდენობით რუსულ ნავთობპროდუქტებს, რომლებიც გადამუშავდება სხვა, მესამე ქვეყნებში (მაგალითად, ინდოეთში, ტუნისში და სხვა). რაც ყველაზე მთავარია, თებერვალში ევროკავშირმა პირდაპირ გამოაცხადა, რომ სანქციები არ ეხება ნავთობპროდუქტებს, თითქოს ინდოეთში გადამუშავებული ნავთობპროდუქტი აღარ არის რუსული და არ ეხება, სხვათაშორის, სანქციის ზედა ფასის ზღვარი, რომელიც დააწესეს ევროკავშირის ქვეყნებმა რუსული ნავთბისთვის.
როდესაც საუბრობენ (ბატონი მანჯგალაძე საუბრობდა ახლა), რუსული ნავთობის გარეშე საქართველო რატომ ვერ გაძლებსო, აი ჩვენ გვაქვს მაგალითი ევროკავშირის ქვეყნებისა, რომლებსაც სხვა სტანდარტი აქვთ თავისთვის. გასაგებია, როდესაც ვსაუბრობთ ნავთობზე, გაზზე, ან ისეთ სტრატეგიულ ნედლეულზე, როგორიც არის ხორბალი, ატომური საწვავი, რკინა, ან ალუმინი, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის ის ნედლეული, რომლის არ მიწოდება დააზარალებს ევროპის ქვეყნებს, მაგრამ ძალიან გაუგებარია, როდესაც სანქციები არ ეხება ფუფუნების ისეთ საგანს, როგორიც არის რუსული ალმასი და მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ალმასის ევროპაში არ შეტანა დააზარალებს ალმასის ბირჟას, რომელიც არის ბელგიაში, ან არ ეხება რუსულ ალკოჰოლურ სასმელს, რომელიც თავისუფლად იყიდება ევროპაში, ან ევროპულ ალკოჰოლურ ღვინოებს, რომლებიც თავისუფლად იყიდება რუსეთში და ა.შ.
აღარაფერზე ვამბობ იმაზე, რომ უკრაინის გავლით დღემდე დაუბრკოლებლად მიეწოდება ევროკავშირს რუსული გაზი და ამ გაზის საფასური, რასაც ტრანზიტში იღებს უკრაინა, უფრო მეტია, ვიდრე მთელი ქართული ექსპორტი, რომელიც გადის რუსეთში. და ბოლოს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არანაირი ,წუხილი არ გამოუთქვამთ იმის გამო, რომ ნატოს წვერ და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში -თურქეთში ერთი დღითაც არ შეჩერებულა რუსული ფრენები, ისევე, როგორც არ შეჩერებულა ეს ფრენები ჩვენს მეზობელ სომხეთში, აზერბაიჯანში, ისრაელში, ცენტრალურ აზიის ქვეყნებში, ისევე როგორც ათეულობით სხვა ქვეყანაში და მათ შორის, რეგიონის ყველა ქვეყანაში. ამ ფონზე ევროკავშირის ელჩების მოთხოვნები ნამდვილად არ ემსახურება ევროკავშირის მიმართ ქართველი ხალხის ნდობის გამტკიცებას. ერთადერთი, რასაც იწვევს პოლიტიკურ სპექტრში პოლარიზაციის გაღრმავებაა. მიუხედავად ამისა ჩვენი მოსახლეობის არჩევანი მკაფიოა – ჩვენ უნდა გავხდეთ ევროკავშირის თანასწორუფლებიანი პარტნიორი, მომავალში – წევრები. ხაზს ვუსვამ – თანასწორუფლებიანი და არა ცალ ფეხზე მდგომი როგორც ზოგიერთებს სურთ”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.