30-05-2023
ბრატისლავაში მიმდინარე გლობსეკის ფორუმის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი სლოვაკ კოლეგას შეხვდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ჯუანშერ ბურჭულაძემ მარტინ სკლენარს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სლოვაკეთის მთავრობას მუდმივი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
განსაკუთრებით აღინიშნა სლოვაკი ექსპერტების ჩართულობა და ფინანსური მხარდაჭერა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით განსაზღვრული ერთ-ერთი ლიდერი პროექტის - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წარმატებით იმპლემენტაციასა და ფუნქციონირებაში. კოლეგებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება.
საუბარი შეეხო საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში გაფორმებულ ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის მიმართულებებს, რომელიც ორივე ქვეყნის თავდაცვის ძალების განვითარებაზე, წვრთნასა და გამოცდილების გაზიარებაზეა ორიენტირებული.
ჯუანშერ ბურჭულაძე ბრატისლავაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაციის წევრია.
გლობსეკის კონფერენციაზე შეკრებილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, მთავრობის მეთაურები, საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები, პარლამენტარები და ექსპერტები თანამედროვე გამოწვევებზე, ენერგოდამოუკიდებლობაზე, უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენასა და ევროპის მომავალზე მსჯელობენ.