16-08-2018
"ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ" კანონის პროექტი განხილვა ქალაქ ამბროლაურში გრძელდება. საჯარო განხილვა მიზნად ისახავს მოქალაქეების ჩართულობით კანონპროექტის მაქსიმალურ დახვეწას და სრულყოფას.
"ჩვენი მიზანია მოსახლეობას გავაცნოთ "ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ" კანონის პროექტი, მათი ჩართულობითა და შენიშვნების გათვალისწინებით კი მივიღოთ ისეთი სრულყოფილი კანონი, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყანის ფიზიკური აღზრდისა და სპორტული შედეგების გაუმჯობესებას. სპორტული მიღწევების თვალსაზრისით, რაჭა ყოველთვის იყო ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ჩვენი რეგიონებიდან. კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველა დაინტერესებულ პირს აქტიურად ჩაერთონ აღნიშნულ საჯარო განხილვებში და ერთად შევქმნათ სრულყოფილი კანონი", - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა.
შეხვედრაზე რეგიონის მოსახლეობას კანონპროექტის ძირითადი მიმართულებები და ახალი მიდგომები სამინისტროს სპორტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსმა ვასილ ლიპარტელიანმა გააცნო. პრეზენტაციის შემდგომ საჯარო განხილვა კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
სპორტული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაზე ისაუბრა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი დოლაბერიძემ.
"ბუნებრივი პირობებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, რაჭას აქვს პოტენციალი სპორტული ტურიზმის მეტად განვითარებისათვის. აქვე მინდა მოვუწოდო სპორტულ ფედერაციებს მაქსიმალურად გამოიყენონ რაჭის პოტენციალი. მოახდინონ უფრო მეტი სხვადასხვა ტურნირებისა და საწვრთნელო შეკრებების მოწყობა რაჭის ტერიტორიაზე", - განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.
ამბროლაურში გამართულ საჯარო განხილვას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები გოჩა ენუქიძე და თამაზ ნავერიანი. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები. რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძედა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ეროვნული - დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და ბრიტანეთის მთავრობის (UKAID) ფინანსური მხარდაჭერით, საჯარო განხილვები ხვალ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ქალაქ ახალციხეში გაგრძელდება.