1-12-2017
ამ დროისათვის აჭარაში აივ/შიდსის დიაგნოზით 570 პაციენტი იმყოფება აღრიცხვაზე. წელს აჭარაში 73 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 62 იმყოფება არვ თერაპიაზე. მხოლოდ ბოლო თვის მანძილზე გამოვლინდა აივ/შიდსის ცხრა ახალი შემთხვევა – ასეთია ბათუმის ინფექციური პათოლოგიების, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის მონაცემები.
2017 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით საქართველოში რეგისტრირებულია აივ/შიდსის 6711 შემთხვევა, მათგან 5013 მამაკაცი და 1698 ქალია. 2017 წლის პირველ 11 თვეში გამოვლინდა აივ/შიდსის 577 ახალი შემთხვევა, არვ მკურნალობას იტარებს 3994 პაციენტი, მათგან 41 – ბავშვია.
საქართველოში აივ/შიდსის მკურნალობა უფასოა.
დღეს, პირველ დეკემბერს, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. გაეროს შიდსის პროგრამის მოწოდებით 2017 წლის შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის დევიზია „ჩემი ჯანმრთელობა, ჩემი უფლება!“, რაც გულისხმობს, რომ ყველა ადამიანს აქვს ჯანმრთელობის უფლება. ყველასათვის სამედიცინო მომსახურება და მკურნალობა უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და დისკრიმინაციის გარეშე.
UNAIDS-ის მონაცემებით 2016 წელს მსოფლიოში 36.7 მილიონი აივ/შიდსით ავადმყოფი იყო, გასულ წელს დაინფიცირდა 1.8 მილიონი და გარდაიცვალა 1 მილიონი ადამიანი, ხოლო 20.9 მილიონი იმყოფება არვ თერაპიაზე.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფრომაციით, საქართველო მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით კვლავ მიეკუთვნება დაავადების დაბალი გავრცელების ქვეყნებს. შიდსის პირველი შემთხვევა ჩვენს ქვეყანაში 1989 წელს დაფიქსირდა. აივ/შიდსით ავადმყოფების სავარაუდო რიცხვია 12000, შიდსი განუვითარდა 3648 ავადმყოფს და 1339 გარდაიცვალა. უკანასკნელი წლების დინამიკა მიუთითებს, რომ ქვეყანაში აღინიშნება აივ/შიდსის ახალი შემთხვევების ნელი, მაგრამ სტაბილური ზრდა.
წყარო: გაზეთი "ბათუმელები"