13-06-2023
სავალუტო ფონდს მოსწონს ეროვნულ ბანკში დღეს არსებული ვითარება, როდესაც ბანკს არა საქართველოს სამსახურში მყოფი საჯარო მოსამსახურე, არამედ მათი აგენტი მართავს - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში წერს.
ექსპერტის აზრით, სალომე ზურაბიშვილსაც იმიტომ გააჩერებინეს ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრების წარდგენა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის მოქმედმა შემსრულებელმა პოზიციები არ დაკარგოს.
ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის შესახებ კანონის კრიტიკისა და საბჭოს წევრების არწარდგენის უკან სავალუტო ფონდი დგას.
"რამდენიმე დღის წინ გავრცელდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრიტიკული განცხადება ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით. საინტერესოა, რომ კანონში იცვლება ერთადერთი რამ - ეროვნულ ბანკში დამატებით ჩნდება პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. სავალუტო ფონდი კი ამბობს, რომ ამ თანამდებობის შემოტანით საფრთხე ექმნება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას, თუმცა, ამის დასამტკიცებლად ვერავითარი არგუმენტი ვერ მოყავს.
ფინანსების თუ იურისპრუდენციის ექსპერტობა სულაც არ არის საჭირო იმის გასააზრებლად, რომ ერთი თანამდებობის დამატება ეროვნულ ბანკს დამოუკიდებლობას ვერანაირად ვერ დააკარგვინებს. მაშინ რა არის სავალუტო ფონდის ინტერესი და რატომ ითხოვს ის ასე აგრესიულად პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის არდამატებას? ამ კითხვაზე პასუხი მარტივია. სავალუტო ფონდს მოსწონს ეროვნულ ბანკში დღეს არსებული ვითარება, როდესაც ბანკს არა საქართველოს სამსახურში მყოფი საჯარო მოსამსახურე, არამედ მათი აგენტი მართავს. სალომე ზურაბიშვილსაც იმიტომ გააჩერებინეს ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრების წარდგენა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის მოქმედმა შემსრულებელმა პოზიციები არ დაკარგოს. ესაა მთელი არითმეტიკა, რომელიც კანონის კრიტიკისა და საბჭოს წევრების არწარდგენის უკან დგას", - წერს ანდრია გვიდიანი Facebook-ზე.