14-06-2023
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს (SANGU) ეწვია. მინისტრმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, შეხვდა ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და მათთან ერთად უნივერსიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა.
ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ამილახვარმა, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სრულუფლებიან წარმომადგენელთან, ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობთან, უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ირაკლი ბრაჭულთან და კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან ერთად, საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტების ერთობლივი კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მიმდინარე პროცესს პირადად გაეცნო.
ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას ახორციელებს.
ინგლისურენოვანი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში SANGU-ს სტუმრობსდელეგაცია პარტნიორი უნივერსიტეტიდან: კევინ კირბი (Kevin Kirby) ინფორმატიკის კოლეჯის დეკანი, სიუზან ბრუდვიგი (Susan Brudvig) კომპიუტინგისა და ანალიტიკის სკოლის ასოცირებული ხელმძღვანელი, ი ჰუ (Yi Hu) კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, რასიბ ხანი (Rasib Khan) და ტონი ცეცე (Tony Tsetse) კიბერუსაფრთხოების პროგრამის ასოცირებული პროფესორები.