14-06-2023
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლას ეწვივნენ და მშენებლობის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.
გიორგი ამილახვარი: „დღეს ევროკავშირის ელჩთან ერთად გავეცანით ჩვენი ერთობლივი პროექტის – აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის მშენებლობის პროცესს, რომელსაც საფუძველი საქართველომ და ევროკავშირმა ჩაუყარეს. სკოლის მშენებლობა დაგეგმილ ვადებში მიმდინარეობს და ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს ახალაშენებულ სკოლაში სასწავლო პროცესს მოსწავლეებთან ერთად შევხვდებით.
ევროპული სკოლის იდეა საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია, რასაც ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ბუნებრივია, აქ აშენდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო დაწესებულება და ჩვენს შვილებს ევროპული განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
საქართველოს სტრატეგიული პარტნიორისკენ, ევროკავშირისკენ მისწრაფებების გზაზე ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ევროკავშირთან ერთად ახორციელებს.“
პაველ ჰერჩინსკი: „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა არ არის მხოლოდ შენობა. ის არის ჩვენი საერთო ვალდებულების სიმბოლო, ხარისხიანი განათლება მივცეთ და ამ გზით გავაძლიეროთ ახალგაზრდა თაობა. საშუალო განათლებაზე ფოკუსირებით, ჩვენი მიზანია მომავალი თაობების ისეთი უნარებითა და ცოდნით აღჭურვა, რომლითაც წარმატებებს მიაღწევენ სწრაფად განვითარებად სამყაროში“
მინისტრთან და ევროკავშირის ელჩთან ერთად ევროპული სკოლის მშენებლობის მიმდინარეობას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, თემურ ჯანჯალია გაეცნო.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის შენობა სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის სტანდარტებთან. 26,090 კვადრატულ მეტრზე განლაგებული სასწავლო კომპლექსი მოიცავს სკოლისა და საერთო საცხოვრებლის შენობებს, რაგბის, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნებს, ბიბლიოთეკასა და სხვა საგანმანათლებლო სივრცეებს. სკოლის კომპლექსის დიზაინი, თავისი მრავალფეროვანი და მოქნილი სასწავლო გარემოთი, საქართველოში სკოლების თანამედროვე დიზაინის ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს. ევროპული სკოლის დახურული და გარე სასწავლო სივრცეები მოსწავლეებს უამრავ შესაძლებლობას მისცემს, ისწავლონ, იცხოვრონ და თავისუფალი დრო ერთად, ჯანსაღ საგანმანათლებლო გარემოში გაატარონ.
აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა მოსწავლეებს მაღალი ხარისხის სწავლებაზე, ენების შესწავლასა და მულტიკულტურულ განათლებაზე დაფუძნებულ ორ საგანმანათლებლო პროგრამას – ეროვნულ სადიპლომო პროგრამასა და საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) ინგლისურენოვან სადიპლომო პროგრამას – შესთავაზებს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის მიერ შეთანხმებული „20 შედეგი 2020 წლისთვის" ერთ-ერთი მიზანია. პროექტს ახორციელებს გაეროს პროექტების მართვის ოფისი (UNOPS), საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით. პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების სკოლის კომპლექსის აშენებას და აღჭურვას, მასწავლებლების გადამზადებას სასწავლო აკადემიის მეშვეობით და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული სასწავლო კურიკულუმის განვითარებას. სკოლა აგრეთვე შესთავაზებს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სასტიპენდიო პროგრამას მოსწავლეებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნიდან.