14-06-2023
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმი გახსნა. როგორც ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში განაცხადა, გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმი ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში გლობალური მასშტაბით ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, სადაც მონაწილე ქვეყნის წარმომადგენლებს საშუალება ეძლევათ, ექსპერტულ დონეზე გამართონ დისკუსიები და მიიღონ უახლესი ინფორმაცია ამ სფეროში არსებული სიახლეების და ტენდენციების შესახებ.
გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმმა სტარტი 2003 წელს აიღო. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე ათი სიმპოზიუმი გაიმართა, მიმდინარე წელს კი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, სიმპოზიუმის თანაორგანიზატორი მასპინძელი ქვეყნის სტატუსი საქართველოს მიენიჭა. ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას (WIPO)-ს და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს მადლობა გადაუხადა ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩატარებისთვის.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემისა და, ზოგადად, ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარება საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც, ასევე, წარმოადგენს „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების" (DCFTA) მნიშვნელოვან საკითხს. ამასთან, საქართველო 2004 წელს მიუერთდა ადგილწარმოშობის დასახელებების საერთაშორისო რეგისტრაციის ლისაბონის ხელშეკრულებას. ადგილწარმოშობის დასახელებების და გეოგრაფიული აღნიშვნების ორმხრივ აღიარებასთან დაკავშირებული შეთანხმებები გაფორმდა რიგ ქვეყნებთან (მოლდოვა, უკრაინა, შვეიცარიის კონფედერაცია).
„ბევრი ქართული პროდუქტის დასახელება, რომელიც გეოგრაფიასთან არის დაკავშირებული, ცნობილია ახლო სამეზობლოში და საქართველოსთვის, ქართველი ფერმერებისთვის, მეწარმეებისთვის. ამ დასახელებების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია მათი უფლებებისთვის და მეტი ეკონომიკური სარგებლის მისაღებად. შესაბამისად, ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებში ზოგადად გეოგრაფიული აღნიშვნები მნიშვნელოვან როლს თამაშობს - მაგალითად, ქართული ღვინის ექსპორტის 35% სწორედ გეოგრაფიული აღნიშვნებზე მოდის. ასევე მინერალური წყლების 90% დაცული გეოგრაფიული აღნიშვნებია. ზოგადად, საქართველო ავითარებს ამ მიმართულებას და ქვეყანაში უკვე 60-ზე მეტი გეოგრაფიული აღნიშვნაა დაცული. ისინი დარეგისტრირებული, დაპატენტებული გვაქვს და მათ საერთაშორისო დაცვის საკმაოდ მნიშვნელობანი ფორმატი გააჩნია, ზუსტად იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ინტელექტუალი დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის აქტიური წევრია", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრი აქცენტს კიდევ ერთ გარემოებაზე აკეთებს - მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით არა მხოლოდ ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმება, არამედ ისიც, რომ გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ დებულებები ასახულია საქართველოს მიერ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებულ ყველა ახალი თაობის შეთანხმებაში (EFTA, ჩინეთი, ჰონკონგი, გაერთიანებული სამეფო).
ამასთან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამ მასშტაბის გლობალური ღონისძიება ხელს შეუწყობს ასევე აგრარული ტურიზმის განვითარებას, ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ახალი ბაზრების ათვისებასა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდას, და კონკურენტუნარიან გარემოში სათანადო ადგილის დამკვიდრებას. ეს კი, დამატებითი მექანიზმია ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კუთხით.