19-06-2023
პროექტის „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში სენაკში, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მაღალი კლასების მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა.
მე-2 ქვეითი ბრიგადის მეთაურის მოადგილემ, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით ბოლქვაძემ სტუმრებს დეტალურად გააცნო სამხედრო სამსახურის პირობები და ჯარისკაცების ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმი.
მოსწავლეებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ღონისძიების ფარგლებში სტუმრები ბრიგადის ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს სამხედრო ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა, სამხედროების საცხოვრებელი პირობები, სპორტული კომპლექსი, ბრიგადის აღჭურვილობა და ტექნიკა.
სტუმრებს გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა პრეზენტაცია წარუდგინეს, სადაც ლიცეუმში რეგისტრაციისა და სწავლების პროცესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა ჯარისკაცის ულუფა დააგემოვნეს.
პროექტის „ერთი დღე ჯარში“ მიზანს თავდაცვის ძალების შესახებ ახალგაზრდა თაობის ინფორმირებულობის გაზრდა და ქართული ჯარის პოპულარიზაცია წარმოადგენს.