გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

რომეო მიქაუტაძე: ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლება მცირე ასაკიდანვე მნიშვნელოვანია

24-06-2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ მდგრადი ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილ, დედაენის ბაღში გამართულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა - მან ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის „გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური" გამარჯვებული სკოლა „დეა" დაჯილდოვა. როგორც რომეო მიქაუტაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, კამპანია „გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური" ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, რადგან ამ კუთხით ცნობიერების ამაღლება მცირე ასაკიდანვე მნიშვნელოვანია.


„პროექტს "საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის" ფარგლებში ვახორციელებთ, ის ხელს უწყობს შესაბამისი ჩვევების გამომუშავებას. ხშირ შემთხვევაში, ბავშვები მიღებულ ცოდნას თავიანთ მშობლებს უზიარებენ და მათაც მოუწოდებენ, მიიღონ ენერგოეფექტური გადაწყვეტილებები.

შესაბამისად, კონკურსის „გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური" მიზანი სწორედ ახალგაზრდა თაობისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებაა, რადგან ისინი ქმნიან ქვეყნის მომავალს. მნიშვნელოვანია, რომ სკოლის მოსწავლეებისთვის მსგავსი კონკურსები და აქტივობები საქართველოს რეგიონებშიც გაიმართა და სამომავლოდაც რეგულარულად ჩატარდება", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ.


კამპანიის ფარგლებში თბილისის სამი სკოლა დაჯილდოვდა - მათ ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის მიმდინარეობისას ყველაზე მრავალფეროვანი, კრეატიული და მასობრივი აქტივობები მოიფიქრეს და განახორციელეს. კონკურსში მეორე ადგილი თბილისის 169-ე, ხოლო მესამე ადგილი - თბილისის 106-ე სკოლებმა დაიკავეს. მათ სერტიფიკატები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გუნცაძემ გადასცეს.


მდგრადი ენერგეტიკის დღის ფარგლებში დედანის ბაღში სხვა ღონისძიებებიც გაიმართა, კერძოდ, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოფენა და ენერგოეფექტური ღუმელების, მზის წყლის გამაცხელებლების, მზის პანელების, ბიომასის ქვაბებისა და სხვა ტექნოლოგიური სიახლეების მუშაობის დემონსტრირება. გარდა ამ აქტივობებში მონაწილეობისა, ნებისმიერ დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა, ინფორმაცია მიეღო ბრიკეტებისა და სხვა ენერგოეფექტური მასალების შესახებ. ბაღში ასევე გაიმართა ენერგოეფექტური ტრანსპორტის გამოფენაც, სადაც დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ენერგოეფექტური, მწვანე ავტომობილების მახასიათებლებს და ინფორმაცია მიეღოთ მათი უპირატესობების შესახებ. მდგრადი ენერგეტიკის დღე კონცერტით დასრულდა.


აღსანიშნავია, რომ ცნობიერების ამაღლების კამპანია, ისევე როგორც მდგრადი ენერგეტიკის დღის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ევროკავშირისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მხარდაჭერითა და კომპანია GOPA Intec-თან თანამშრომლობით, "საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის" ფარგლებში ჩაატარა.