გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

„ჩემთვის მთავარი ამოცანა და მთავარი გამოწვევაა, ის რაც თითეულ ჩვენთაგანს აწუხებს ათწლეულების მანძილზე, რაც არის თითეული ჩვენთაგანის ოცნება და ეს ესე გამოითქმის: ერთად ქართული ფლოტის აღმავლობისთვის!“ - ალექსი ახვლედიანი

26-06-2023

25 ივნისს, ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცეს და საზღვაო დარგის ღვაწლმოსილი წარმომადგენლები დააჯილდოვეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აჭარის მთავრობის თავჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ალექსი ახვლედიანმა და ქ. ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა.

- „ქართველი მეზღვაურები უკვე ათწლეულების მანძილზე მთელს მსოფლიოში ცნობილები არიან როგორც ერთ-ერთი ყველაზე მამაცი, ერთ-ერთი ყველაზე ერთგული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე შრომისმოყვარე და თავდადებული თავისი პროფესიის მიმართ. დღევანდელი დღე იმის დასტურია, რაოდენ შეესაბამება ეს ყოველივე სიმართლეს და დღეს, ჩვენ დავაჯილდოვებთ რამდენიმე ეკიპაჟს ზღვაში გამოჩენილი სიმამაცისთვის, მათმა ვაჟკაცობამ აალაპარაკა მთელი მსოფლიო, საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე მათ შეძლეს და ათეულობით ადამიანს აჩუქეს სიცოცხლე. სწორედ, ამიტომ -  ქართველი მეზღვაურები ჩვენი ქვეყნის ღირსეული ელჩები არიან!“ - განაცხადა ალექსი ახვლედანმა მისასალმებელ სიტყვაში.

ალექსი ახვლედიანმა აღნიშნა, რომ წლევანდელი წელი გამორჩეულია იმით, რომ მრავალწლიანი შრომის და საქმიანობის შემდეგ, მიღებულ იქნა კანონი "მეზღვაურთა შრომის შესახებ", რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მეზღვაურების დაცვას მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. ალექსი ახვლედიანმა მადლობა გადაუხადა ყველა ჩართულ მხარეს, ვინც კანონპროექტზე მუშაობდა, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის თითეოულ წევრს, რომელმაც მხარი დაუჭირა კანონპროექტს.

სააგენტოს დირექტორმა მადლობა გადაუხადა საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებთან ერთად მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, რათა მიღწეულ იქნეს მთავარი მიზანი, ქართული  საზღვაო-სანაოსნო საქმიანობა ავიდეს იმ დონემდე, რომ შეესაბამებდეს უმაღლეს სტანდარტებს.

ალექსი ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა ღონისძიების მხარდამჭერებზე, სპონსორებზე, რომელთა მეშვეობითაც დღეიდან ათეულობით სტუდენტს დაუფინანსდება სწავლის საფასური და ასევე, ათეულობით შეჭირვებულ მეზღვაურის ოჯახს მთელი წლის განმავლობაში გაეწევა როგორც ფინანსური, ასევე სხვადასხვა სახის დახმარება.

- „და ბოლოს, მე ვიცი დიდია ინტერესი, თუ რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი გასაკეთებელი ამ ახალ პოსტზე. მე მინდა გითხრათ ჩემთვის მთავარი ამოცანა და გამოწვევაა, ის რაც თითეულ ჩვენთაგანს აწუხებს ათწლეულების მანძილზე, რაც არის თითეული ჩვენთაგანის ოცნება და ეს ესე გამოითქმის: ერთად ქართული ფლოტის აღმავლობისთვის. გილოცავთ ყველას, გისურვებთ ზურგის ქარს და უსაფრთხო ნაოსნობას!" - განაცხადა თავის მისასალმებელ სიტყვაში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ალექსი ახვლედიანმა.

საზეიმო ცერემონიაზე საზღვაო დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დააჯილდოვეს საზღვაო პროფესიის წარმომადგენლები. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დააჯილდოვა შორეული ნაოსნობის კაპიტანი ალექსანდრე ცეცხლაძე;

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დააჯილდოვა შორეული ნაოსნობის კაპიტანი ავთანდილ ქვარიანი;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა დააჯილდოვა შორეული შორეული ნაოსნობის კაპიტანი დურსუნ ცინცაძე. საპატიო მიზეზის გამო ბატონი დურსუნი ვერ დაესწრო ღონისძიებას, ჯილდო გადაეცემა დურსუნ ცინცაძის შვილს შორეული ნაოსნობის კაპიტანს გიორგი ცინცაძეს;

ქალაქ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა ჯილდო გადასცა ექიმ ჯემალ ქიქავას;

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ბატონმა ალექსი ახვლედიანმა დააჯილდოვა ზღვაზე ძებნა-გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ გეგენავა;

ღონისძიების წარმდგენი სპონსორის, SOLO-ს წარმომადგენელმა, თამარ დოლიძემ დააჯილდოვა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ნავიგაციის ფაკულტეტის დეკანი მზია დიასამიძე;

ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისათვის მამა ილია კარტოზიას სახელობის ჯილდო, ოქროს სპონსორის, „ტოიოტა ცენტრ ბათუმის“ წარმომადგენელმა ბატონმა გოდერძი სურმანიძემ გადასცა შორეული ნაოსნობის კაპიტანს რუსლან გოგიბერიძეს;

ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის ოქროს სპონსორმა - "ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი"-ს წარმომადგენელმა რუსუდან დიასამიძემ მადლობის სიგელები გადასცა გემის SEN MS ENOLA - ეკიპაჟის დამსაქმებელი კომპანიის დირექტორს თემურ ქავთარაძეს და გემის ARCHE ეკიპაჟის დამსაქმებელი კომპანიის დირექტორს ლევან გოგიშვილს;

ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის ოქროს სპონსორმა - კომპანია "DMISS"-ის წარმომადგენელმა აკაკი ლოჩოშვილმა მადლობის სიგელები გადასცა გემის FRONT SAMARA-ს ეკიპაჟის დამსაქმებელი კომპანიის დირექტორს ვლადიმერ შელიას და CHEM PATRIOTI - ეკიპაჟის წევრებს, კაპიტან მიხეილ ცინცაძეს და მატროსს ირაკლი რამიშვილს. საპატიო მიზეზის გამო მიხეილ ცინცაძის ნაცვლად სიგელი გადაეცა მის შვილს, დემეტრე ცინცაძეს.

ღონისძიების გენერალური სპონსორები იყვნენ სანავსადგურე სექტორის და საზღვაო ხაზების წარმომადგენლები: სს კორპორაცია პოთის საზღვაო ნავსადგური - APM Terminals Poti, კომპანიები „MSC“ და „Wondernet Express Investment Group LTD“, საკრუინგო კომპანია „ელ-ვიქტორი“, კომპანია „MMS“ და შპს „საზღვაო ჰოსპიტალი“.

 

მეზღვაურის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სტიპენდიები გადაეცათ და სწავლის საფასური დაუფინანსდათ სტუდენტებს: ღონისძიების წარმდგენმა სპონსორმა, SOLO-მ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის 11 შეჭირვებულ სტუდენტს სრულად დაუფინანსა 2023-2024 სასწავლო წლის საფასური, ოქროს სპონსორმა "ტოიოტა ცენტრი ბათუმმა" ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საზღვაო ნავიგაციის სტუდენტს მარიამ ტუსკიას დაუფინანსა ერთი წლის სწავლის საფასური. ასევე, ოქროს სპონსორმა - "ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი"-მ თავის სამ წარჩინებულ პროფესიულ სტუდენტს ბაქარ აფხაზავას, აკაკი ესაძეს და რეზო პაქსაძეს გადასცა სიგელები და ერთჯერადი სტიპენდია. 

 

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასასრულს, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილ მეზღვაურებს და ტრადიციისამებრ, გემების საყვირების ფონზე შესრულდა გვირგვინის ზღვაში ჩაშვების ცერემონია.