30-06-2023
მინდა კულტურის მიმართულებით აღვნიშნო, რომ ჩვენ დავიწყეთ კამპანია Starring Georgia – ამის თაობაზე გახსოვთ რომ თავიდან იყო, რომ გარკვეული კრიტიკა გამოითქვა, რომ რატომ აკეთებენ, მაშინ როცა თვითონ აკეთებდნენ გაუაზრებელ კონცერტებს,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
პრემიერის თქმით, ბლექ სი არენამ დაიწყო მასშტაბური ორწლიანი კამპანია, ამისთვის სავარაუდო ბიუჯეტი არის 70 მილიონი ლარი.
"ჩვენ დავიწყეთ შემდეგნაირად: ბლექ სი არენამ დაიწყო მასშტაბური ორწლიანი კამპანია, ამისთვის ჩვენი სავარაუდო ბიუჯეტი არის 70 მილიონი ლარი, მაგრამ აქვე მინდა ახლა ჩაშლილად მოგახსენოთ: წელს დაახლოებით 28 მილიონ ლარამდე დაიხარჯება, ამ ღონისძიებებზე ველოდებით 100 000-მდე სტუმარს, ბილეთები მინდა აღვნიშნო, რომ რეკორდული სისწრაფით გაიყიდა და აქაც ჩანს, რომ ეს სწორი პროგრამა იყო და არსებობს საზოგადოებაში ამაზე კონსენსუსი და პოზიტიური მოლოდინები არსებობს. შემოსავლები რაც მიღებულია, დღეის მდგომარეობით, 17 მილიონი ლარი არის მიღებული შემოსავლების სახით, ამას გარდა 4.5 მილიონი ლარი არის სპონსორობით მიღებული შემოსავლები და წლის ბოლომდე ველოდებით 150 მილიონი ლარის ფარგლებში შემოსავალს.
ეს იყო კონკრეტული, კარგად გააზრებული, გათვლილი პროგრამა. ამას ჩვენ გავაგრძელებთ, ჩვენს ახალგაზრდებს და არამხოლოდ ახალგაზრდებს, ყველას შევთავაზებთ ძალიან ბევრ სიურპრიზს, მათ შორის 2024-შიც და საქართველო უნდა გახდეს მუდმივად აი ასეთი დონის, საერთაშორისო დონის სპორტის, კულტურის ღონისძიებების, შეკრების ადგილი. ჩვენ გვაქვს ამისთვის ყველაფერი, ყველა პირობა, რომ ვუმასპინძლოთ საერთაშორისო დონის ღონისძიებებს.
აი ეს გახლავთ ყველა ის ძირითადი მიღწევები, ამის თაობაზე თქვენ გამოგეგზავნათ დეტალური ანგარიში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.