« ნოემბერი 2024 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
17-07-2023
„ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის კარგად მომზადებული და დიდი რეზერვი აუცილებელია“, – აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მინისტრმა „თავდაცვის კოდექსის“ შესახებ დეტალურად ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, უწყებამ, „თავდაცვის კოდექსზე“ მუშაობისას, სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები განიხილა.
მისი განცხადებით, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს ალტერნატივა, ბევრი მიზეზის გამო, არ აქვს. მან განმარტა, რომ თავდაცვის სამინისტრო ზრუნავს წვევამდელთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე.
მან ყურადღება გაამახვილა ქვეყნისთვის რეზერვის მნიშვნელობაზე.
მისი განცხადებით, ამ კონტექსტით სტრატეგია მეგობარ ქვეყნებთან ერთად შემუშავდა.
„ეს სტრატეგია შექმნილია პარტნიორებთან ერთად, ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან და რიცხოვნობიდან გამომდინარე. ეს კომპლექსური და მოცულობითი საკითხია. ჩვენ გეგმაში გვაქვს, რომ 2035 წლისთვის რეზერვში გვეყოლება ასი ათასი ადამიანი, ამისთვის შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ამ შედეგის მისაღწევად ერთ-ერთი მეთოდი, იქნება წვევამდელთა სამსახური, ასევე ნებაყოფლობითი სხვა სამსახურები“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მინისტრმა განმარტა, რომ „თავდაცვის კოდექსი“ არეგულირებს იმ საკითხებს, რაზეც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აპელირებენ. მათ შორის, მან სპეციალური წოდების სამხედრო მოსამსახურეების უწყებაში მუშაობის პრაქტიკაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიხედვით, უწყებას ახალი სპეცწოდების თანამშრომლის მიღების, ან სპეციალური წოდების მომატების უფლება აღარ ექნება.
„ჩვენ აღარ გვექნება უფლება რომ მივიღოთ ახალი სპეცწოდების თანამშრომელი ან მოვუმატოთ სპეცწოდება, რომელიც აქვს მინიჭებული პირს, რომელიც მსახურობს თავდაცვის სამინისტროში. „თავდაცვის კოდექსი“ ამ სიმახინჯეს ზღუდავს, არეგულირებს და ყველა ხარვეზს სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა.
მისი განცხადებით, „თავდაცვის კოდექსით“ განსაზღვრული ღონისძიებებისა და რეგულაციების შესახებ საზოგადოების ინფორმირების თვალსაზრისით არაერთი შეხვედრა გაიმართა.