3-08-2023
„გაუგებარია, რა დატვირთვა აქვს უკრაინის სამხედრო დახმარებას, თუ მას, მეორე მხრივ, ეკონომიკურ თემებზე ევაჭრები და უკრაინელი ფერმერების მიერ სიცოცხლის ფასად მოწეულ ხორბლის მოსავალს დასალპობად წირავ“, - ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი აცხადებს.
მისი თქმით, ამერიკელებს უკრაინისა და ევროკავშირის ინტერესები რომ ადარდებდეთ, უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გამოყოფილ 43 მილიარდს რამდენიმე ასეულ მილიონს დაამატებდნენ და უკრაინას და ევროკავშირის ქვეყნებს ხორბალთან დაკავშირებულ ეკონომიკურ სირთულეებს მოუგვარებდნენ.
„საინტერესოდ ვითარდება მოვლენები ევროკავშირში უკრაინული ხორბლის ექსპორტის თემის გარშემო. პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უნგრეთი და სლოვენია კატეგორიულად ითხოვენ, გახანგრძლივდეს აკრძალვა ევროკავშირში უკრაინული ხორბლის ექსპორტზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ორმხრივი აკრძალვის დაწესებით იმუქრებიან. პოლონეთის ხელისუფლებამ ხმამაღლა განაცხადა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არა უკრაინა, არამედ პოლონელი ფერმერების ინტერესების დაცვაა. როდესაც ევროკავშირიდან ასეთ განცხადებებს ვისმენთ და მეორე მხრივ, საქართველოსგან ეკონომიკურ თვითდაზიანებას ითხოვენ, საზოგადოებისთვის მარტივად გასაგები უნდა იყოს, რასთანაც გვაქვს საქმე. ამ ყველაფრის გამო შეშფოთება გამოხატა უკრაინის ხელისუფლებამ, რომელმაც პოლონეთის ელჩი დაიბარა და განმარტებები მოსთხოვა. უკრაინელების პოზიცია სრულიად ლოგიკურია. მართლაც, გაუგებარია, რა დატვირთვა აქვს უკრაინის სამხედრო დახმარებას, თუ მას, მეორე მხრივ, ეკონომიკურ თემებზე ევაჭრები და უკრაინელი ფერმერების მიერ სიცოცხლის ფასად მოწეულ ხორბლის მოსავალს დასალპობად წირავ.
ის ფაქტი, რომ უკრაინული ხორბლის ექსპორტი რუსეთისა და დასავლეთის მიერ ორმხრივ ბლოკადაშია მოქცეული, არავითარ გამართლებას არ ექვემდებარება. აქ დეტალებიც მნიშვნელოვანია. უკრაინის საექსპორტო ხორბლის მთლიანმა ღირებულებამ შარშან მხოლოდ ორნახევარი მილიარდი დოლარი შეადგინა. შესაბამისად, რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის სუბსიდია იქნებოდა საკმარისი იმისათვის, რომ უკრაინული ხორბლის ექსპორტმა ცენტრალური ევროპის ქვეყნებს პრობლემა არ შეუქმნას და უკრაინამაც ხორბლის თავისუფლად რეალიზება მოახერხოს. იმ პირობებში, როდესაც დასავლეთმა უკრაინას 80 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია, საიდანაც უშუალოდ პოლონეთის სამხედრო დახმარება 3 მილიარდ დოლარს შეადგენს, მათი მხრიდან უკრაინული ხორბლის ბლოკადა ვერავითარი არგუმენტით ვერ გამართლდება. გაუგებარია, როგორ შეიძლება ქვეყანას, ერთი მხრივ, სამხედრო კუთხით ეხმარებოდე და მეორე მხრივ, ეკონომიკურ სანქციებს უწესებდე.თუმცა, ერთია გამართლება და მეორე - ახსნა.
ამ ყველაფრიდან მკაფიოდ იშიფრება ის უბედურება, რაც ჩვენი მეგობარი ქვეყნის - უკრაინის თავზე ტრიალებს. უკრაინა არის ინტერესების მსხვერპლი და მას რუსეთისა და ევროკავშირის დასასუსტებლად თავის გაწირვის უმძიმესი მისია აქვს დაკისრებული. უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მიზანიც, რეალურად, არა უკრაინის დახმარება, არამედ ომის გახანგრძლივებაა, რაც მართალია, უკრაინას კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანს, მაგრამ რუსეთსა და ევროკავშირსაც დამატებით დაასუსტებს. ამერიკელებს უკრაინისა და ევროკავშირის ინტერესები რომ ადარდებდეთ, უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გამოყოფილ 43 მილიარდს ამის ზუსტად მეასედ თანხას, რამდენიმე ასეულ მილიონსაც დაამატებდნენ და ხორბალთან დაკავშირებულ ეკონომიკურ სირთულეებს უკრაინასაც და ევროკავშირის ქვეყნებსაც ერთი ხელის მოსმით მოუგვარებდნენ. თუმცა, ფაქტია, რომ ისინი სრულიად საპირისპირო ინტერესებით მოქმედებენ, რის გამოც უკრაინისა და ევროკავშირის ეკონომიკურ პრობლემებს შესაბამისი ენთუზიაზმით ეკიდებიან“, - აცხადებს ზაზა შათირიშვილი.