8-08-2023
15 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან; დღევანდელი დღე ყველა ჩვენგანისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს - რუსულ სამხედრო აგრესიას მოჰყვა დიდი ადამიანური მსხვერპლი, მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება და ჩვენი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია, რაც ჯერაც მთავარ გამოწვევად რჩება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და შემდგომი განვითარებისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გაერთიანების მშვიდობიანი გზის ერთგული რჩება.
"დღეს კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს ომში დაღუპული ჩვენი გმირი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ნათელ ხსოვნას.
ჩვენი ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გაერთიანების მშვიდობიანი გზის ერთგული რჩება; ჩვენ გვამოძრავებს ურყევი რწმენა, რომ მშვიდობიანი, ერთიანი, ძლიერი, განვითარებული საქართველო - საუკეთესო პერსპექტივაა ქართველების, ოსების, აფხაზების, ჩვენს მიწაზე მცხოვრები ყველა ხალხისათვის, და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეს მიზანი მალე იქცეს რეალობად",- განაცხადა პრემიერმა.