3-09-2023
საინფორმაციო სააგენტო “ნიუსპრესი” აგრძელებს ჟურნალისტურ გამოძიებას საფეხბურთო-სპორტულ კლუბ “დინამოს” საკუთრებაში არსებული აქტივების მდგომარეობის შესახებ, რომელთა დიდი ნაწილიც, როგორც ირკვევა უკვე გაყიდულია.
ა(ა)იპ ფიზკულტურულ – სპორტული კლუბი “დინამო” 1999 წელს ჩამოყალიბდა რა დროსაც, მის საკუთრებაში, ქვეყნის მასშტაბით არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი გადავიდა.
საინფორმაციო სააგენტო “ნიუსპრესი” ამჯერად გთავაზობთ ჟურნალისტური გამოძიების მორიგ ნაწილს ფსკ “დინამოს” მიერ, დედაქალაქის პრესტიჟულ უბანში არსებული 4 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთისა და 24 ათას კვ.მ-მდე შენობა-ნაგებობების გასხვისების შესახებ, რომელიც, უძრავი ქონების ბაზრის ანალიზის გარეშეც კარგად ჩანს, რომ მიზერულ ფასადაა გაყიდული.
გარიგება ქონების გაყიდვის შესახებ 2011 წელს შედგა, ხოლო ობიექტი ოფიციალურად ამავე წლის 6 ივნისს გასხვისდა.
ქონება, რომელიც დიღმის მასივში, მესამე კვარტალში მდებარეობდა (38 692 კვმ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 23 718 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობები ) ფსკ “დინამომ” 600 ათას (?!) ლარად გაასხვისა. ჩვენი ინფორმაციით, გასხვისება მოხდა მოიჯარეზე, ხოლო როდის იქნა გაცემული აღნიშნული აქტივი იჯარით და რა პირობებით, აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტო მოკვლევას აგრძელებს.
ანუ, თუ არ ჩავთვლით 24 ათას კვადრატულ მეტრამდე ფართის შენობა-ნაგებობებს, გამოდის, რომ მხოლოდ მიწის ნაკვეთის ერთი კვადრატული მეტრი ფსკ “დინამომ” 15,5 ლარად(?!) გაყიდა. ეს დედაქალაქის ისეთი უბნისთვის, როგორიც დიღმის მასივია, 2011 წლის უძრავი ქონების ბაზრის მდგომარეობითაც კი წარმოუდგენლად დაბალი ფასია, რასაც, როგორც აღვნიშნეთ, ემატება, ამავე ფასში შემავალი 24 ათას კვადრატულ მეტრამდე შენობა-ნაგებობები.
უხეში გათვლებით, ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ “დინამოს” მოცემული ქონების ფასი, მინიმუმ რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს შეადგენს.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, საინფორმაციო სააგენტო “ნიუსპრესმა” ოფიციალური კითხვებით მიმართა ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ “დინამოს” გენერალურ დირექტორს, ზაქრო ვარაზაშვილს და აღნიშნულ საკითხზე მისი პასუხის შემთხვევაში, სააგენტო გამოთქვამს მზადყოფნას, დაუთმოს მას თავისი პლატფორმა პოზიციის დასაფიქსირებლად.
ამასთან, სააგენტო აგრძელებს აღნიშნული მიმართულებით ჟურნალისტურ გამოძიებას, რომლის მასალებს პერიოდულად შემოგთავაზებთ.
წყარო: newspress.ge