6-09-2023
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ პოლონეთში ევროპის 32-ე ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
აღნიშნული ფორუმი წარმოადგენს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უდიდეს კონფერენციას, რომელშიც მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური ლიდერები და მედიის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.
ვახტანგ ცინცაძემ პანელურ დისკუსიაში ისაუბრა ევროპასა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობაზე, ასევე საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ევროპისა და აზიის კონტინენტზე სანდო და უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვების განვითარებისა და ენერგოუსაფრთხოების მიღწევის მიმართულებით.
„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ქვეყანას, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა, რომ წარმოადგენს საიმედო პარტნიორს ევროპისთვის, აქვს ახალი იმპულსი და რეალური პოტენციალი გარდაიქმნას რეგიონში მრავალგანზომილებიან ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ჰაბად და ხელი შეუწყოს უსაფრთხო და საიმედო მიწოდების ჯაჭვების განვითარებასა და სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესებას ევროპისა და აზიის კონტინენტებზე" - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
მისი შეფასებით, გეოგრაფიული მდებარეობისა და მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს გარემოდან გამომდინარე, საქართველო უკვე მნიშვნელოვან როლს ასრულებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ვაჭრობაში. გარდა ამისა, მინისტრის მოადგილის თქმით, ბოლო წლებში საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ეკონომიკის ყველა სფეროში, მათ შორის ინსტიტუციური სიძლიერის, მმართველობის გაუმჯობესების, ეკონომიკური რეფორმების განხორციელებისა და მისი მარეგულირებელი ჩარჩოს ევროკავშირთან ჰარმონიზაციის მიმართულებით.
„საქართველოს აქვს ევროკავშირისა და რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობისა და ძლიერი პარტნიორული ურთიერთობების წარმატებული გამოცდილება, რაც ხელს უწყობს პოლიტიკის სანდოობას, ახალი შესაძლებლობების ეფექტიან გამოყენებას და ეკონომიკურ კოორდინაციას საიმედო და უსაფრთხო ღირებულების ჯაჭვების შესაქმნელად" - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.
მან ასევე აქცენტი გააკეთა შუა კორიდორის განვითარების მნიშვნელობაზე, საქართველოს გაზრდილ როლზე, რომელიც შეუძლია შეასრულოს ევროკავშირში ენერგოუსაფრთხოების ხელშეწყობისა და ენერგორესურსების დივერსიფიკაციის მიმართულებით, ასევე იმ მნიშვნელოვან ფართომასშტაბიან ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და რეფორმებზე, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ამ ეკონომიკური ფუნქციების განვითარებას.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველო დგამს თანმიმდევრულ ნაბიჯებს, რათა გააძლიეროს მისი როლი, როგორც ევროკავშირის საიმედო ენერგეტიკულმა და სატრანზიტო პარტნიორმა ქვეყანამ, მწვანე ენერგიის მიმწოდებელმა და სატრანსპორტო კავშირებში მნიშვნელოვანმა მონაწილემ.
„ევროკავშირთან ეკონომიკური კავშირებისა და დაკავშირებადობის გაძლიერება უზრუნველყოფს მნიშვნელოვან სარგებელს არამხოლოდ საქართველოს ეკონომიკისთვის, არამედ ხელს შეუწყობს უფრო ფართო ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროპისა და აზიის მასშტაბით და საიმედო, პროგნოზირებადი, სტაბილური ეკონომიკური კავშირებისა და ღირებულების ჯაჭვების განვითარებას. საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი და ასევე ამბიციური გეგმები ევროკავშირთან კავშირების გასაუმჯობესებლად ყველა საკვანძო სფეროში, მათ შორის ტრანსპორტი, ვაჭრობა, ICT, ენერგეტიკა და ტურიზმი"- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.