15-09-2023
„ჩვენ ხომ უკვე გამოცდილება შევიძინეთ და ვიცით, რომ ეს პროცესები, რომლებიც თითქოს ფარცხალაძის სანქცირებით იკვეთება (და ვერც დამალა ოპოზიციამ, რომ აი ეს ყველაფერი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისკენ, ისინი უნდა დასანქცირდნენ და ა.შ.), ამით უნდათ საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვიონ. ჩვენ კიდევ ერთხელ მივუთითებთ, რომ საზოგადოება არ შეცდეს, ფხიზლად იყოს და ობიექტურად შეხედოს მოვლენებს,“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ჩვენი პარტნიორი ქვეყანა და მისი სახელმწიფო უწყება ასეთ გზავნილებს უშვებს, საჭიროა მეტი სიცხადე.
„ბატონი ფარცხალაძე სანქცირებულია იმის გამო, რომ თითქოს ქართულ საზოგადოებაზე რაღაც მანკიერი რუსული გავლენა აქვს, რაც ბუნებაში არ არსებობს. მე ამ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობ და ერთხელაც არ შევხვედრივარ. ათი წლის წინ რომ საჯარო სივრცეში იყო, იმის შემდეგ არანაირი კავშირი არ ჰქონია არც პარტიასთან, არც არანაირ ტელევიზიასთან, ანუ რამე ისეთთან, რაც ახდენს გავლენას საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. ან მისი რამე ექსპერტული დასკვნები რომ არსებობდეს, ან ვინმესთან ურთიერთობა, მსგავსი რამაც არ არსებობს.
ჩვენ ხომ უკვე გამოცდილება შევიძინეთ და ვიცით, რომ ეს პროცესები, რომლებიც თითქოს ფარცხალაძის სანქცირებით იკვეთება (და ვერც დამალა ოპოზიციამ, რომ აი ეს ყველაფერი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისკენ, ისინი უნდა დასანქცირდნენ და ა.შ.), ამით უნდათ საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვიონ. ჩვენ კიდევ ერთხელ მივუთითებთ, რომ საზოგადოება არ შეცდეს, ფხიზლად იყოს და ობიექტურად შეხედოს მოვლენებს.
სამწუხაროა, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყანა და მისი სახელმწიფო უწყება ასეთ გზავნილებს უშვებს, რა თქმა უნდა, გვჭირდება მეტი სიცხადე - რას გულისხმობენ. ჩვენს წერილში მოსამართლეების თემაც გვაქვს მაგალითად მოყვანილი, რაზეც შემდეგ ქალბატონმა დეგნანმა უკან დაიხია და დაიწყო საუბარი - თავად ქართულმა საზოგადოებამ მოიძიოს და ნახოს მათი კორუფციული დანაშაულებიო. ეს ხომ აბსურდია - ადამიანებს სავიზო რეჟიმს უზღუდავ, ამბობ, რომ ისინი კორუფციაში არიან მხილებულნი, ფაქტები არ არსებობს და ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ ჩვენ მოვნახოთ ეს ფაქტები.
აქაც ასეთი მიდგომაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ ფარცხალაძის საზოგადოებაზე გავლენის რაიმე მტკიცებულება არ არსებობს, მაინც ფაქტად უნდა მივიღოთ [თითქოს მას აქვს მავნე გავლენა ქართულ საზოგადოებაზე] ეს. ჩვენ ამაზე გვაქვს ჩვენი მოსაზრება და ამ მოსაზრებას ვუზიარებთ საზოგადოებას. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, არ გამოიყენოს ჩვენთან ის მიდგომა, რომელიც ავტორიტარულ რეჟიმებთან მიმართებაში არსებობს - მთავრობა სხვაა და ხალხი სხვა, ხალხი იმსახურებს და მთავრობა - არა და ა.შ.
თავიდან თითქოს ღიმილისმომგვრელი იყო ჩემთვის, როდესაც ვსაუბრობდით „გლობალური ომის პარტიაზე“, მაგრამ კულუარებიდან იმდენი ფაქტი გამომჟღავნდა, რომ ცხადი გახდა - დიახ, გადარჩენილები ვართ ქართული საზოგადოება, ფხიზლად უნდა ვიყოთ - საქართველოს მშვიდობისთვის ბრძოლა არ დამთავრებულა და აუცილებლად უნდა იცოდეს ყველამ: ჩვენმა გულითადმა პარტნიორებმა, რომ ჩვენ ერთ კონტექსტში მთლიანად სახელმწიფოებს არ მოვიხსენიებთ. ჩვენ ვამხელთ იმ დაინტერესებულ პირებს, ვინც ამ მიზანმიმართულ ქმედებებს ეწევა. შეგვიძლია გავიხსენოთ, ევროპარლამენტის რეზოლუცია, ასევე, ლობისტური კომპანიების მიერ კოლოსალური თანხების ხარჯვა ე.წ. რუსული/ამერიკული კანონის „მხილებაში“, ყველამ ვიცით, რა მიზანს ემსახურებოდა ეს ყველაფერი,“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.