18-09-2023
"ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ტერორისტების და მათი საერთაშორისო მფარველების მხილებას. სუს-ი აუცილებლად გააგრძელებს თავის ეფექტურ საქმიანობას," - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სუს-ის მიერ ჩატარებულ ბრიფინგს იმასთან დაკავშირებით, რომ წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები შემოდგომაზე საქართველოში არეულობას გეგმავენ.
ქართველიშვილის თქმით, ამაზე "ხალხის ძალა" უკვე კაი ხანია საუბრობს და მომავალშიც გააგრძელებს ამ საკითხზე მუშაობას, ხოლო სამართალდამცავები კი, მათი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლიან მოცემულ თემას.
"თითქმის ბოლო ნახევარი წელიწადი ჩვენ მიზანმიმართულად ვაშუქებდით იმ საკითხებს, რომელთა ირგვლივ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პარალელურად, პროფესიულ დონეზე მიმდინარეობდა ოპერატიული მუშაობა. სუს-ის დღევანდელ ბრიფინგზე პასუხი გაეცა იმ ძირითად შეკითხვას: "სადაა ჩვენი სპეცსამსახური". ის იქაა, სადაც უნდა იყოს - უხილავ, მაგრამ ბრძოლისუნარიან მდგომარეობაში ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის სადარაჯოზე.
დღევანდელ ბრიფინგზე გაჟღერდა ყველაფერი ის, რაზეც არაერთხელ დაგვიწერია - უკრაინის მახლობლად პოლონეთის ტერიტორიაზე საგანგებო ბანაკებში ქართველი "ზონდერ-შაჰიდების" მომზადების თაობაზე, ოქტომბერ-დეკემბერში არეულობის გამწვავებაზე, სისხლიანი სცენარების ამოქმედებაზე, უკრაინის ტერიტორიიდან "დესანტის" გადმოსროლაზე და ა.შ.
დღეს ბრიფინგზე გაჟღერდა ჩვენთვის კარგად ნაცნობი გვარები: გია ლორთქიფანიძე, მამუკა მამულაშვილი და მიხეილ ბატურინი. ეს უკანასკნელი იმყოფებოდა უკრაინიდან თურქეთის მიმართულებით გეზაღებულ იახტაზე, რომელიც საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით იქნა დაპატიმრებული თავისი ეკიპაჟის ოთხივე წევრთან ერთად 2020 წლის ნოემბერში. სწორედ ბატურინის და მისი თანამზრახველების ციხიდან გათავისუფლების მიზნით იყო ჩამოსული 2021 წლის ზაფხულში პრეზიდენტი ზელენსკი, რათა ჯერჯერობით ვერშემდგარი ტერორისტი კვლავ საბრძოლო რიგებში დაებრუნებინა.
ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ტერორისტების და მათი საერთაშორისო მფარველების მხილებას. სუს-ი აუცილებლად გააგრძელებს თავის ეფექტურ საქმიანობას. ტერორისტების მიერ საზარბაზნე ხორცად მომზადებულ ახალგაზრდებს და მათ მშობლებს ვურჩევ - გონს მოეგეთ! მერე გვიანი იქნება. ვერც ერთ თქვენს დაგეგმილ განზრახვას წარმატება არ უწერია. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს უაზრო სისხლისზღვრის თავიდან ასაცილებლად. მოვლებებს, რომლებსაც იგივე ძალები მართავდნენ 2014 წლის კიევის სისხლიანი "მაიდანის" დროს - საქართველოში ადგილი ვერ ექნება!" - წერს ქართველიშვილი.