18-09-2023
მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA-ს) ვიცე-პრეზიდენტს, უმით ნაჯი იორულმაზს, სააგენტოს შუა აზიისა და კავკასიის ქვეყნების დეპარტამენტის უფროსს, ალი ოზგიუნ ოზთურქს, აღნიშნული დეპარტამენტის საქართველოს განყოფილების წარმომადგენელს, ჰაჯი ბაირამ ბოლათს და თბილისის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელს, თუბა ოზუთოქს უმასპინძლა.
შეხვედრაზე, კობა კობალაძემ, იმ ერთობლივი, წარმატებული პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელთაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს, კერძოდ, კი თბილისის საკოორდინაციო ოფისის უშუალო ჩართულობით და მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, სააგენტოს მიერ, გურიის ვეტერან ფერმერთა ასოციაციის წევრთა მიმართ გაწეულ თანადგომას, რაც, ვეტერან ფერმერთათვის, სკებისა და მეფუტკრეობის განვითარებისთვის საჭირო ინვენტარის გადაცემაში გამოიხატა. აღნიშნული პროექტით, მეფუტკრეობის დარგში ჩართულ ვეტერანებს, მიეცათ შესაძლებლობა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ პროდუქციის წარმოება; კობა კობალაძემ, სტუმრებს, მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, რაც საქართველოს ვეტერანთა წინაშე არსებული ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ უფრო აღრმავებს ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორულ ურთიერთობებს.
უმით ნაჯი იორულმაზმა, ხაზი გაუსვა თურქეთისა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრულ ურთიერთობას, რაც განსაცდელის ჟამს, არა ერთგზის გამხდარა სამაგალითო. მან, კობა კობალაძისა და საქართველოს ვეტერანების მიმართ პატივისცემა გამოხატა იმ ღვაწლისთვის, რაც მათ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვისათვის ბრძოლაში გაიღეს და აღნიშნა, რომ მისთვის და თურქული მხარისთვის განსაკუთრებით მისასალმებელია იმ მებრძოლთა მხარდაჭერა, ვინც არა მხოლოდ წარსულში იდგნენ სამშობლოს დასაცავად, არამედ მომავალშიც ქვეყნის სამსახურში იქნებიან. მან აღნიშნა, რომ ძლიერი საქართველო, მთელ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს.
მხარეებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. უმით ნაჯი იორულმაზმა აღნიშნა, რომ ის თანადგომა, რომელსაც TIKA წლების განმავლობაში საქართველოს ვეტერანთა მიმართ გამოხატავდა, აუცილებლად გაგრძელდება; ვეტერანთა მხარდაჭერისთვის შემუშავებული პროექტები, მომავალში აუცილებლად გაფართოვდება, გაღრმავდება და კიდევ უფრო დიდ არეალს მოიცავს.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეები: მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის პასუხისმგებელი თანამდებობის პირები.
ცნობისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA-ს) შორის ურთიერთობას 2017 წელს ჩაეყარა საფუძველი. "TIKA" თურქეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციაა, რომელიც, უკვე, 29 წელია, ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში, სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს ერთობლივ პროექტებს ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.