22-09-2023
„ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას საფრთხე არ ემუქრება,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა, როცა კომენტარი გააკეთა პარლამენტში სებ-ის საბჭოს წევრების დამტკიცების საკითხზე.
„პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას საფრთხე არ ემუქრება. პირიქით, ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი და სხვათა შორის, ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურა წარმოადგინა ქვეყნის პრეზიდენტმა და როგორც გავიგეთ, შემდეგ მათ თავიანთი კანდიდატურების მოხსნისკენ მოუწოდა. ეს არის საბანკო სისტემის საბოტაჟის პირდაპირი მცდელობა. არა მარტო საბანკო სისტემისა, არამედ იმ მყარი ეკონომიკური ზრდისა, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში ფიქსირდება.
დღეს გამოქვეყნდა ეკონომიკური თავისუფლების ანგარიში, რომლის მიხედვითაც საქართველო მსოფლიო მასშტაბით 25 და ევროპის მასშტაბით მე-15 ადგილს იკავებს,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
რაც შეეხება მის პირად დამოკიდებულებას და იმას, დაუჭირა თუ არა მხარი წარმოდგენილ კანდიდატებს, „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილის თქმით, მისი არჩევანი საბოტაჟის აღკვეთის სასარგებლოდ გაკეთდა.
„მე დავუჭირე მხარი სებ-ს საბჭოს წევრობაზე წარმოდგენილ კანდიდატებს, იმიტომ, რომ საბოტაჟის მცდელობა, რასაც ადგილი ჰქონდა პრეზიდენტისა და რადიკალური ოპოზიციის გაერთიანებული კოორდინირებით, არ მომხდარიყო და ეკონომიკას შეძლებოდა გაეგრძელებინა თავისუფლად განვითარება.
ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას საფრთხე შეუქმნა სწორედაც რომ საქართველოს პრეზიდენტმა, როდესაც ის მოუწოდებდა ნათია თურნავას გადადგომისაკენ, რითაც ახორციელებდა მასზე ზეწოლას, რაც არის დამოუკიდებლობის ხელყოფა.
შეგახსენებთ, რომ ბანკის საბჭოს უცხოელმა წევრმა არ დატოვა თანამდებობა, რადგან როგორც მოგვიანებით განმარტა, გადადგომა არ შეესაბამებოდა პროფესიულ კეთილსინდისიერებას. ჩვენი გუნდის მიერ იყო დაცული დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს შემდგომი ფუნქციონირება და ეკონომიკის შემდგომი განვითარების შესაძლებლობა,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.