გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ დიდად ვაფასებთ გერმანიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ჩვენი ევროპული არჩევანისადმი, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის მტკიცე ნებას

3-10-2023

ჩვენ დიდად ვაფასებთ გერმანიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ჩვენი ევროპული არჩევანისადმი, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის მტკიცე ნებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ახალი იმპულსი შესძინა საქართველოს ურთიერთობას გერმანიასთან და ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან.


„ქალბატონო სახელმწიფო მინისტრო, ელჩო ფიშერ, ქალბატონო ფიშერ, თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო მეგობრებო, ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა და გერმანიის ერთიანობის დღის აღნიშვნა ამ დიდი ქვეყნისა და ერის გაერთიანების ნიშნად. ეს დღე, რომელიც არა მხოლოდ გერმანელებისთვის, არამედ ყველა ჩვენგანისთვის გახდა შთაგონების წყარო, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ევროპაში არსებული გამოწვევების ფონზე. დღეს, როგორც არასდროს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის როლი გადამწყვეტია ჩვენს კონტინენტზე მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისთვის.

გერმანიასა და საქართველოს საიმედო და ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის ისტორია აკავშირებთ. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება, ბოლო დროს კიდევ უფრო დაახლოვდა და უპრეცედენტო დინამიკაში გადაიზარდა.


ამ მზარდი კავშირის ჭეშმარიტი და ხელშესახები დასტურია მაღალი დონის ვიზიტები და შეხვედრები, რომლებმაც ჩვენი ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ დონეზე აიყვანა. ხსენებული ვიზიტები და შეხვედრები ცხადყოფს გერმანიის განსაკუთრებულ ინტერესს, გერმანიის მხარდაჭერასა და გერმანიის აქტიურ ჩართულობას საქართველოსთან მიმართებით, განსაკუთრებით ჩვენი ერის ისტორიის ამ გადამწყვეტ პერიოდში. ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ დიდად ვაფასებთ გერმანიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ჩვენი ევროპული არჩევანისადმი, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის მტკიცე ნებას.


ძვირფასო მეგობრებო, გასული წლის ივნისში საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ახალი იმპულსი შესძინა ჩვენი ქვეყნის ურთიერთობას გერმანიასთან და ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან. მას შემდეგ საქართველო გულმოდგინედ მუშაობს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად და ვიმედოვნებთ, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენ მიერ მიღწეული შესამჩნევი პროგრესი შესაბამისად იქნება აღიარებული.


დარწმუნებული ვართ, რომ ევროკავშირი აღიარებს საქართველოს წინსვლას და გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და მიიღებს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსადმი კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მტკიცედ დააკავშირებს ევროკავშირთან; ამ საქმეში გერმანიის მტკიცე მხარდაჭერას ველით", - განაცხადა პრემიერმა.


მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო აფასებს გერმანიის ურყევ მხარდაჭერას და ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხისადმი.


„დიდად ვაფასებთ გერმანიის ურყევ მხარდაჭერას და ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხისადმი. გერმანიის არსებითი ჩართულობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, სადაც ის მუდმივად თამაშობს წამყვან როლს, ძალიან დასაფასებელია.


საქართველოსთვის გერმანიის განსაკუთრებული როლის კიდევ უფრო ცხადი დემონსტრირებისთვის, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ის არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი. უზრუნველყოფილმა დახმარებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს განვითარებასა და დემოკრატიულ ტრანსფორმაციაში და მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაგრძელებას ჩვენი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის სისრულეში მოსაყვანად.


ძვირფასო მეგობრებო, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ გერმანია საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორია. დარწმუნებულნი ვართ, რომ მასპინძელი ქვეყნის რანგში საქართველოს წარმატებული მონაწილეობა ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში (ITB Berlin) დამატებით სტიმულს მისცემს ახალი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას გერმანული ინვესტიციების საშუალებით და ჩვენს ქვეყნებს შორის ტურისტულ ნაკადებსაც გაზრდის.


კიდევ ერთხელ ვულოცავ გერმანიას და გერმანელ ხალხს ამ ღირსშესანიშნავ დღეს და გიდასტურებთ საქართველოს მზადყოფნას ჩვენს ქვეყნებსა და ერებს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის.


ერთად ყოფნით და კოლექტიური ძალისხმევით შევიტანთ წვლილს ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში. დიდი მადლობა!", - განაცხადა პრემიერმა.


ღონისძიების სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართეს გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში - პიტერ ფიშერმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევროპის და კლიმატის საკითხებში - ანა ლიურმანმა. შესრულდა საქართველოს, გერმანიისა და ევროკავშირის ჰიმნები.


მიღებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.