4-10-2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 01 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 188 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, 138 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 50 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და არარეგისტრირებული სახერხი საამქროების გამოვლენის ფაქტებია. აღნიშნული სამართალდარღვევებიდან, 14 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 43 ფაქტი გამოვლენილია კახეთში, 30 ფაქტი დაფიქსირდა იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში - 27, აჭარაში - 26, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 23, შიდა ქართლში - 20, მცხეთა-მთიანეთში - 7, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 6, გურიაში - 5, ქვემო ქართლში კი - 1.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 193 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.
ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 46 ფაქტი. ასევე, ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია 4 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 2 089 ფაქტი აღკვეთეს. ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, გამოვლენილია 52 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.