6-10-2023
„კაგებეს“ ტაქტიკა, რაც მარტში გამოიყენეს, რომ ქართული კანონები რუსულად „დაბრენდონ“, აღარ გაუვათ - თუ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე ვეტო იქნება, პარლამენტი დაძლევს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, უმრავლესობას მიაჩნია, რომ აღნიშნული კანონი სწორია და ის საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებს პასუხობს.
„თუ ვეტო იქნება, პარლამენტი, რა თქმა უნდა, დაძლევს მას, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი კანონი და პასუხობს უსაფრთხოების იმ გამოწვევებს, რომელიც საქართველოს აქვს. ვინც ყვირის, ზუსტად ისინი არიან რადიკალური ჯგუფების ნაწილი ან წამხალისებლები. ეს პროცესი ძალიან კარგი ლუსტრაციაც იყო და ამიტომ, ზოგიერთი გაყუჩებულიც იყო და ხმას არ იღებდა. ლუსტრაცია იყო, რადგან, ვინც ამაზე ყვიროდა, ის ხალხია, ვინც საქართველოში რადიკალიზმითა და ექსტრემიზმით გამოირჩევა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება შეფასებებს, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტი რუსულია, პაპუაშვილი ამბობს, რომ „საქართველოს პარლამენტი ქართულ კანონებს იღებს“.
„ეს რუსული სტილის კამპანიაა, რაც მარტშიც ვიხილეთ არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი აქტორებისგან. „კაგებეს“ სახელმძღვანელოდან ამოწერილი ტაქტიკაა, რომ რაღაც თემის ბრენდირება მოახდინონ. სამწუხაროდ, მარტში ქართული საზოგადოება მოუმზადებელი იყო ამ პროპაგანდისთვის, ახლა მომზადებულია. ხედავთ, რეაქციაც არაა. „კაგებეს“ასეთი ტაქტიკაა, რაც მარტში გამოიყენეს, რომ ქართული კანონები რუსულად დაბრენდონ, აღარ გაუვათ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.