8-10-2023
არგენტინის რესპუბლიკაში, საქართველოს უწყებათშორისი დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა სამუშაო შეხვედრები გამართა.
ზურაბ ჩეკურაშვილი არგენტინის აგროსასურსათო სიჯანსაღისა და ხარისხის ეროვნული სამსახურის (SENASA - Servicio Nacional de Sanidad y Calidad Agroalimentaria) დირექტორს დიანა მარია გილენს, არგენტინის სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტის (INTA - Instituto Nacional de Tecnología Agropecuaria) საერთაშორისო ურთიერთობების კურატორს გილიერმო სანჩესს, ამავე ინსტიტუტის ხორცისა და ცხოველური წარმოშობის ბოჭკოვანი მასალის ეროვნული პროგრამის კოორდინატორს მაურისიო ალვარესს, არგენტინის სოფლის მეურნეობის, მესაქონლეობისა და მეთევზეობის სამდივნოს ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის დირექტორს, სანტიაგო ბონიფაჩიოს შეხვდა.
გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა არაერთი მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის, მესაქონლეობისა და აკვაკულტურის დარგში გამოცდილების გაზიარება, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული სერტიფიკატების ნიმუშების აღიარება და ჰარმონიზაცია, მეცხოველეობის დარგში თანამშრომლობის კონკრეტული ნაბიჯების განსაზღვრა, სოფლის მეურნეობის სფეროში ექსპერტებსა და სპეციალისტებს შორის კონტაქტების დამყარება და პრაქტიკული სამუშაოების ჩატარება, ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის დისტანციური სამუშაო შეხვედრების გამართვა, თანამშრომლობის შემდგომი ეტაპის კოორდინაციის მიზნით.
დელეგაციის წევრები ასევე შეხვდენენ არგენტინის სოფლის მეურნეობის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს მარკოს პერედას.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს ელჩი არგენტინაში გვარამ ხანდამიშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი დოლიძე, საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ბექა ჩხეიძე, ამერიკის დეპარტამენტის ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის სამმართველოს უფროსი მაია დევაძე.