გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნათია თურნავა საბანკო ასოციაციისა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა

17-10-2023

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა საბანკო ასოციაციის პრეზიდენტს, ალექსანდრე ძნელაძეს და ასოციაციის წევრი კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა.


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესებზე, სამომავლო სიახლეებსა და არსებულ გამოწვევებზე.


"ეს არის ერთ-ერთი დიდი ასოციაცია, რომელიც საქართველოში მოქმედ ბევრ საფინანსო ინსტიტუტს და პრაქტიკულად ყველა ბანკს აერთიანებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრები, რომ უკეთ გავეცნოთ თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი საბანკო სექტორი. ამ კვირაში გვექნება ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა, რომელზეც ვიმსჯელებთ სხვადასხვა საკითხზე. მათ შორის, სამომხმარებლო სესხების ვადიანობის გაზრდაზეც. ამასთან დაკავშირებით გვინდოდა წინასწარ მოგვესმინა კომერციული ბანკების მოსაზრებები. ჩვენი საბანკო სისტემა საკმაოდ ძლიერი, დაბალრისკიანი და მდგრადია სხვადასხვა შოკების მიმართ. თუმცა, გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე გვინდა კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ, რომ ბანკები მზად არიან ნებისმიერ გარე შოკებთან გასამკლავებლად", - განაცხადა ნათია თურნავამ.


საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, საუბარი მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს შეეხო. „ეს იყო მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელზეც მივიღეთ კონკრეტული პასუხები. კვლავინდებურად ვაგრძელებთ ინტენსიურ რეჟიმში მუშაობას. შევთანხმდით, რომ შედგება კიდევ ერთი შეხვედრა, მათ შორის, კაპიტალის ბუფერებთან და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით“.


"მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი არის დარგის რეგულატორი, ჩვენც და ეროვნულ ბანკსაც საერთო მიზნები გვაქვს - მინიმუმამდე დავიყვანოთ არსებული რისკები, გარე შოკები და განვავითაროთ ჩვენი საბანკო სისტემა, რომელიც ისედაც მდგრადია. შევთანხმდით, რომ მომავალშიც არაერთხელ შევხდებით და განვიხილავთ საბანკო სექტორისთვის ყველაზე აქტუალურ საკითხებს", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ "ხალიკ ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გეგუჩაძემ.


შეგახსენებთ რომ საბანკო ასოციაციასთან შეხვედრამდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი უკვე შეხვდა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს.