18-10-2023
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზაარლანდის (ზაარბრიუკენის) უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის 40 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, თსუ-ის რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ზაარლანდის უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტი, პროფესორი კორნელიუს ქიონიგი და თსუ-სა და ზაარლანდის უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის საკითხებში ზაარლანდის უნივერსიტეტის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, თსუ-ს საპატიო დოქტორი, პროფესორი ტიციანია ქიუზი უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა.
ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ერნსტ პეტერ ფიშერი, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ხელმძღვანელი გებჰარდ როილი, პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საიუბილეო ღონისძიებაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის დაწყების ისტორიაზე და არსებული პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზაარლანდის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას 1983 წელს მოეწერა ხელი, რომელიც ითვალისწინებდა პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების გაცვლას, ლექცია-სემინარების ჩატარებას, სამეცნიერო მიმართულებით თანამშრომლობას.
„ჩვენს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის დაწყება იყო უდიდესი მოვლენა და უმნიშვნელოვანესი ურთიერთობების დასაწყისი. ეს იყო საბჭოთა პერიოდში ერთგვარი გარღვევა. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენს მეცნიერებს და სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ გასცნობოდნენ იმ გამოცდილებას, რომელიც გერმანულ უმაღლეს სკოლებში იყო. ამ ხნის განმავლობაში 400-ზე მეტმა მეცნიერმა აიმაღლა კვალიფიკაცია ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტში. ეს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და განვითარდეს“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
თსუ-სა და ზაარლანდის უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის საკითხებში ზაარლანდის უნივერსიტეტის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, თსუ-ს საპატიო დოქტორის, პროფესორ ტიციანია ქიუზის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ზაარლანდის უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის ფარგლებში არაერთი თაობა გაიზარდა, რომლებიც წამყვან პოზიციებზე არიან დასაქმებულნი როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
„ჩვენ ვზრდით მომავალ თაობას ევროპული ღირებულებებით, თაობას, რომელიც ქმნის ევროპულ მომავალს. როდესაც უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მომანიჭეს, ეს ძალიან დიდი პატივი იყო ჩემთვის და ვიგრძენი, რომ ჩემი საქმიანობა, უნივერსიტეტთან თანამშრომლობა არის დაფასებული.
უნივერსიტეტის ოქროს მედლით დაჯილდოება მოულოდნელი იყო, ეს ნიშნავს ჩემი საქმიანობის კიდევ უფრო მეტად დაფასებას“, - განაცხადა ტიციანია ქიუზიმ.
გავრცელებული ინფორმაციით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზაარლანდის (ზაარბრიუკენის) უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობა, სხვა ორგანიზაციებთან და ფონდებთან ერთად, ასევე, DAAD-ს მიერ დაფინანსებული "აღმოსავლეთის პარტნიორობის" პროგრამისა და ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ხელშეწყობით, უკვე 40 წელია წარმატებით ხორციელდება.