გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნანა კაკაბაძე: მთავარი იყო იმპიჩმენტის პროცედურა და არა შედეგი, რადგან მოხდა ლუსტრაცია, რომ სალომე დღეს გლობალური ომის პარტიის აგენტურის ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა და ვერ შეძლო პასუხი გაეცა მარტივი, მაგრამ მწვავე კითხვებისთვის

19-10-2023

არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას სოციალურ ქსელში აფასებს.

 

მისი განცხადებით, პარლამენტში ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის განხილვა ლუსტრაციის პროცესი იყო, რომელმაც საზოგადოებას დაანახა, რომ პრეზიდენტმა საკუთარი ამომრჩეველი მოატყუა. კაკაბაძე მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი "გლობალური ომის პარტიის" ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.

 

"იმპიჩმენტის შედეგებით ყველა კმაყოფილია (?!)

 

„იმპიჩმენტის მთელი პროცედურა დადგმული სპექტაკლი იყო, რომელშიც თვითონ სალომეც შეთანხმებულად მონაწილეობდა და ამიტომაც წინასწარ დაწერილი სცენარით წარიმართა ისე, რომ ხელისუფლებამ ყურადღება მთავარიდან (ანუ მიშას და ოლიგარქის თემიდან) მეორეხარისხოვანზე გადაიტანა. ამიტომ სასწრაფოდ ხვალვე უნდა დავლაშქროთ ჭორვილა, ქუდზე კაცი!“ - ამბობენ სააკაშვილი და ნაცები.

 

„იმპიჩმენტის პროცედურა რუსეთისგან შეკვეთილი და „რუსული ოცნების“ განხორციელებული იყო, რათა ევროკავშირის წევრობის სტატუსი არ მიეღო საქართველოს, ამიტომ, რადგან იმპიჩმენტის გზით „ოცნებამ“ ვერ შეძლო სალომეს („ყველაზე ევროპელი პოლიტიკოსის!“) გადაყენება, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება დამარცხდა“ - ამბობენ ნაცების ანასხლეტი სხვა ოპოზიციური პარტიები.

 

„იმპიჩმენტის პროცედურა კანონის უზენაესობის დაცვისა და აქედან გამომდინარე, ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია, თორემ ისედაც თავიდანვე ცნობილი იყო, რომ პარლამენტში იმპიჩმენტისათვის საჭირო 100 ხმა ვერ შეგროვდებოდა, რასაც ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, მაგრამ ამ ყველაფერში მთავარია ის რომ, სამართლებრივად დადასტურდა სალომეს მიერ კონსტიტუციის დარღვევა და ამიტომ ბოლო ერთ წელიწადი ის მხოლოდ ნაცების, ანუ ფორმალურ პრეზიდენტად დარჩება!“ - აცხადებენ ქართული ოცნების წარმომადგენლები.

 

ამ რადიკალურად განსხვავებული შეფასებებიდან გამომდინარე, ზოგისთვის უშუალოდ პარლამენტში იმპიჩმენტის განხილვის პროცესში „სალომე შთამბეჭდავად გამოიყურებოდა, რადგან სტოიკურად გაუძლო ყოველგვარ ზღვარგადასულ და ყოველგვარ ზრდილობას მოკლებულ თავდასხმებს, კითხვებს საერთოდ არ უპასუხა და მთელი უმრავლესობა პირში ჩალაგამოვლებული დატოვა“.

 

უმრავლესობისთვის კი იმპიჩმენტის პროცედურა იყო მთავარი და არა შედეგი, რადგან ამით მოხდა სწორედ იმის ლუსტრაცია, რომ სალომე დღეს გლობალური ომის პარტიის აგენტურის, ანუ საქართველოს მტრების ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა და ვერ შეძლო პასუხი გაეცა მარტივი, მაგრამ მწვავე კითხვებისთვის, რადგან სამარცხვინოდ, მხოლოდ მრჩევლების დაწერილის წაკითხვა მოახერხა და ვერ გაბედა იმის თქმაც კი, რომ საქართველო დღეს მზად არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. და პრეზიდენტად წოდებული ასეთი ქალბატონი გვარწმუნებს, რომ ევროპელ ლიდერებთან შეხვედრების დროს მათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებაში დახმარებას სთხოვს.

 

დღევანდელმა ლუსტრაციის პროცესმა ისიც დაგვანახვა, რომ სალომე ზურაბიშვილს მოტყუებული ჰყავს თავისი ყველა ამომრჩეველი, რადგან აკეთებს იმის საწინააღმდეგოს, რისთვისაც ის 2018 წელს 6 წლის ვადით აირჩიეს პრეზიდენტად. ის მუშაობს მეორე ფრონტის გახსნის წახალისებაზე, თბილისში მიმდინარე დესტრუქციული მიტინგების დროს ეს ქალი აშშ-დან მიესალმა პარლამენტის დამარბევლებსა და იმ მატყუარებს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ თითქოს რუსული კანონი შემოქონდა ხელისუფლებას. ცესკოს თავმჯდომარის არჩევანზეც ზუსტად იგივეს იმეორებდა და ლობირებდა ისეთი კანონის მიღებას, რომელიც არც ერთ სხვა ქვეყანაში არ მუშაობს. ანუ ეს ქალი ნებისმიერ სისულელესა და ალოგიკურობას უჭერს მხარს და ახმოვანებს, რომელიც არსებული ხელისუფლების შერყევასა და ჩამოშლას გამოიწვევს. მოკლედ, თუ აქამდე მადამ პრეზიდენტი ნაცკრიმინალების შეწყალებით და მათი ნარატივის გამეორებით მათ გვერდით დგომას არ თაკილობდა, დღეს იმასაც მოეფინა ნათელი, რომ ის უკვე მათ ლიდერადაც მოგვევლინა. ამიტომ ალბათ შემთხვევითი არ არის ნაცბელადის ეჭვიანობა და ვივამედიდან თავისი მრევლისათვის გამოგზავნილი გამაფრთხილებელი შეძახილები.


ბოლოს, დღეს იმის ლუსტრირებაც მოხდა, რომ მორალთან მწყრალად მყოფი ეს ქალი ზრდილობასთან კიდევ უფრო მწყრალად ყოფილა" - წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.