24-10-2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამსახურებრივი მდგომარების გამოყენებით, სააქციო საზოგადოების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნულ ფაქტზე პასუხისგებაში ერთი პირი იქნა მიცემული.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც დასაქმებული იყო ერთ-ერთ სააქციო საზოგადოებაში ფინანსური და ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე და რომელსაც მინდობილი ჰქონდა კომპანიის საბანკო ანგარიშების მართვის უფლება, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მიითვისა კომპანიის კუთვნილი დაახლოებით 1 630 000 ლარი.
აღნიშნული ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.