5-11-2023
„Grand Jury Du Vin"-ის ღვინის სიმპოზიუმის მასპინძლობით, წინანდალი და საქართველო მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ღვინოების მწარმოებლებს შორის გამოჩნდა, რაც ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას ხელს შეუწყობს," - განაცხადა ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა წინანდალში, ღვინის სიმპოზიუმზე, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ღვინის ექსპერტები, სომელიეები, ჟურნალისტები და მეღვინეობის დარგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შვეიცარიული ასოციაციის, „Grand Jury Du Vin"-ის ღვინის სიმპოზიუმი. წინანდლის მამულში პირველად ჩატარდა. 1996 წელს შვეიცარიაში დაარსებული ასოციაცია ყველაზე პრესტიჟულ ღვინის სიმპოზიუმებს წლების განმავლობაში მართავდა იტალიაში, კომოს ტბაზე მდებარე Villa d'Este-ში. წინანდლის ღვინის სიმპოზიუმზე სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო როგორც „ბორდო გრანდ კრუ"-ს კლასიფიკაციის ღვინოები, ასევე საუკეთესო ქართული ღვინის ნიმუშები.
მინისტრის განცხადებით, სიმპოზიუმის ფარგლებში, ქართული ღვინოების შეფასება - დეგუსტაცია სასარგებლოა ადგილობრივი მეწარმეებისთვის. „ამ ღონისძიებაზე ისინი სპეციალურ ფორმატში ურთიერთობენ მსოფლიოს წამყვან ექსპერტებთან, შემფასებლებთან, ღვინის კრიტიკოსებთან და ისმენენ მათ მოსაზრებებს, რაც მომავალში ხელს შეუწყობს ქართული ღვინოების ხარისხის კიდევ უფრო მეტ გაუმჯობესებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს კრიტიკოსები და შემფასებლები მეტს გაიგებენ ქართული ღვინის შესახებ და ეს კიდევ უფრო მეტად აამაღლებს ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობას," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ხელისუფლების მიერ ქართული ღვინის სექტორის მხარდაჭერაზე. ლევან დავითაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან ღვინის სექტორის მხარდაჭერა მიმდინარეობდა ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს მევენახეობა და პირველი წარმოება, თუ ღვინის საწარმოების თანამედროვე დანადგარებით მოდერნიზება. მისი თქმით, ღვინის სექტორში ახალი ინვესტიციები განხორციელდა.
„სექტორი ბოლო ათ წელში მართლაც შეიცვალა. ჩვენ დღეს გვყავს 2000-ზე მეტი ოფიციალურად რეგისტრირებული კომპანია, რომელიც რეგულარულად აკეთებს ანგარიშგებას ღვინის ეროვნულ სააგენტოში. ასევე გვყავს ასობით ექსპორტიორი ღვინის კომპანია, მაშინ როდესაც 2012 წლისთვის დაახლოებით 50 ღვინის კომპანია ფუნქციონირებდა. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლების კუთხით. ვახორციელებთ მიზნობრივი მარკეტინგულ კამპანიებს შერჩეულ სამიზნე ბაზრებზე და მას შემდეგ ქართული ღვინის ცნობადობის კამპანიები ყოველწლიურად ფინანსდება," - განაცხადა მინისტრმა. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მონაწილეობას მასპინძელი ქვეყნის სტატუსით ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, რომლის დროსაც გაიზარდა როგორც საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი მიმართულების, ასევე ქართული ღვინის ცნობადობაც.
ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქართული ღვინის ისტორიის კვლევის პროექტზე. მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო, რომ საერთაშორისო ექსპერტებისთვის გაგვეცნო ქართული ღვინის ისტორია, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა სამეცნიერო ფაქტებზე და არ ყოფილიყო მხოლოდ ლეგენდები.
წინანდლის ღვინის სიმპოზიუმის ინიციატივა ეკუთვნის სილქ როუდ ჯგუფს. ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს ბანკია.