6-11-2023
პარტიიდან „საქართველოსთვის“ რამდენიმე დღის წინ გარიცხული ბათუმის საკრებულოს წევრი ნატალია ძიძიგური ყოფილ თანაპარტიელებს ზეწოლასა და პირადი ცხოვრების დეტალებით შანტაჟში ადანაშაულებს.
ჟურნალისტებთან საუბრისას ძიძიგურმა კონკრეტულად ბათუმის საკრებულოს წევრი აკაკი გვიანიძე დაასახელა, თუმცა განაცხადა, რომ ზეწოლა ხორციელდებოდა პარტიის ლიდერების მხრიდან და დარწმუნებულია, რომ ამის შესახებ თავად გიორგი გახარიამაც იცოდა.
„მაიძულებდნენ, შევსულიყავი ფრაქციაში, რომლის თავმჯდომარეც აკაკი გვიანიძე იქნებოდა, მესამე უნდა ყოფილიყო „ლელოს“ წევრი. გაუგონარი ზეწოლა მიმდინარეობდა ჩემზე, თუმცა ეს იყო მიუღებელი, რადგან პარტიის პოზიცია დაარსების შემდეგ შეიცვალა, ის მოქმედებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, რაც ჩემთვის მიუღებელია. სწორედ ამიტომ შეიქმნა კრიზისი ბევრ რეგიონულ ორგანიზაციაში. მე პარტიიდან გამრიცხეს იმის გამო, რომ საკრებულოს სხდომაზე არ შევუერთდი „ნაციონალურ მოძრაობას“ და არ დავტოვე დარბაზი“, – განაცხადა ნატალია ძიძიგურმა.
ძიძიგური ამბობს, რომ მას ჰქონდა გარკვეული პრობლემები პირად ცხოვრებაში, რის გამოც სასამართლოსაც მიმართა და, მისივე თქმით, სწორედ ამ დეტალების გახმაურებით ცდილობდნენ მასზე ზეწოლას.
პარტიამ „საქართველოსთვის“ საკუთარი რიგებიდან ორი წევრი გარიცხა. პარტიიდან გარიცხეს ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ნატალია ძიძიგური და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი შოთა გოგიტიძე. პარტიაში აცხადებენ, რომ „ძიძიგური და გოგიტიძე არაერთხელ იყვნენ შემჩნეული არაგუნდურ მოქმედებებში, გუნდის საზიანოდ გადადგმულ ნაბიჯებსა და ხელისუფლებასთან ფარულ თანამშრომლობაში“.