7-11-2023
2008 წელს ევროკავშირის შუამავლობით ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტს, რომელიც დღემდე არ სრულდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო თანამეგობრობამ გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე, რომ შესრულდეს ხელშეკრულება და დასრულდეს ოკუპაცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს სოფელ კირბალთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი იყო კირბალთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზეც. პაპუაშვილმა თამაზ გინტურის ოჯახს თანაგრძნობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც ეს ჩაიდინეს.
ამასთან, როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კარგია, რომ გუშინვე, გვიან ღამე ერგნეთში შედგა შეხვედრა და ეს საკითხები იქნა დაყენებული, მათ შორის სადამკვირვებლო მისიის წინაშეც.
„ჩვენ ველოდებით ამაზე რეაქციებს, როგორც შეფასებებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ისე, შესაბამისად, დამნაშავეების დასჯას. მთავრობა ამ მხრივ არის ძალიან აქტიური. რაც შეეხება თავად ფაქტს, ეს არის სწორედ ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ – ოკუპაციის მძიმე შედეგი, როდესაც, არამხოლოდ და განსაკუთრებით, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას, მათ სიცოცხლესა და უსაფრთხოებას ექმნება ყოველდღიური საფრთხე და არის მთლიანად სახელმწიფოს წინაშე გამოწვევა. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ოკუპაციის დასრულება.
2008 წელს ევროკავშირის შუამავლობით ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტს, რომელიც დღემდე არ სრულდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო თანამეგობრობამ გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე, რომ შესრულდეს ხელშეკრულება, დასრულდეს ოკუპაცია, რაც ნიშნავს ჩვენი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, უსაფრთხოების მხრივ უფრო დაცულ მდგომარეობას. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ევროკავშირის გადაწყვეტილებაც და ჩვენი სვლაც ევროკავშირისკენ, ვინაიდან ეს გადაწყვეტილებებიც, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს მშვიდობიან დასრულებას და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენას, შესაბამისად, ოკუპაციის დასრულებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე. მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით, ერგნეთში შეხვედრა გაიმართა.