15-11-2023
„ხალხის ძალის“ განცხადებაში სალომე ზურაბიშვილის საქმიანობის შესახებ გაკეთებულ აქცენტებზე ისაუბრა ჟურნალისტებთან მოძრაობის წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, ზურაბიშვილი, რომელსაც უმრავლესობა არ აღიარებს პრეზიდენტად, აგრძელებს ანტისახელმწიფოებრივ საქმინობას.
„რამდენიმე აქცენტი იყო ჩვენს წერილში დასმული. პირველი, რა თქმა უნდა, ზურაბიშვილს ეხებოდა, რომელიც ისევ ჯიუტად აგრძელებს კონსტიტუციის დარღვევას და რატომღაც ცდილობს წარმოაჩინოს ისე, თითქოს მისი დამსახურებაა, რომ საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისთვის აუცილებელი ევროკომისიის რეკომენდაცია.
ახლა კი, ცდილობს რაღაც მიმართვის მომზადებას, რომ მიტინგების მოწყობით ვითომ მიმართოს ევროპის საბჭოს, თითქოს სალომე ზურაბიშვილის მიმართვა უშველის საქართველოს და ეს წყვეტს, მისცემენ თუ არა სტატუსს ქვეყანას. ის ცდილობს მმართველი გუნდის და ხელისუფლების დამსახურება მიიწეროს თვითონ. თვითონ კი აკეთებს რას - აბსოლუტურად არაევროპულ საქმიანობას ახორციელებს საქართველოში, ჯიუტად არღვევს კონსტიტუციას და ამით ამაყობს კიდეც. ამბობს, რომ კონსტიტუციას არღვევს და მის მომხრეებს, სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ ასეთი ადამიანები არიან, გულწრფელად სჯერათ, რომ მართლა სალომე ზურაბიშვილის ვიზიტები იყო მიზეზი იმის, რამაც ევროკომისიას რეკომენდაციის მიცემა გადააწყვეტინა და აქ არაფერ შუაში იყო ის ანგარიში, რომელიც შედგა იმ რეფორმების შედეგად, რომელიც განხორციელდა ქვეყანაში. დღეს, სხვათა შორის, როდესაც ვთქვი, რომ ის კონსტიტუციის დარღვევით ახორციელებს ვიზიტებს, მოვისმინე ასეთი გამაოგნებელი არგუმენტი - რა არის, საქართველოს სახელით ხელს ხომ არ აწერს, უბრალოდ დადისო. არ ვიცი ახლა, მაინც და მაინც გამოუსწორებელი ზიანი ხომ არ უნდა მიაყენოს საქართველოს, ყველამ რომ დაინახოს რას აკეთებს რეალურად,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მისი თქმით, სწორი და დროული იყო უმრავლესობის გადაწყვეტილება წამოეწყო პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა, რითაც მოხდა სალომე ზურაბიშვილის მხილება. „კიდევ კარგი, რომ იმპიჩმენტი გამოვუცხადეთ მას, ყოველ შემთხვევაში ჩვენი პრეზიდენტი ის არ არის, ჩვენგან ლეგიტიმაცია მას არ აქვს, ვგულისხმობ უმრავლესობას და შესაბამისად საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას, რომელმაც ჩვენ მოგვცა ხმა. ის დარჩა რადიკალური ოპოზიციის პრეზიდენტად, იმ ოპოზიციის, რომელსაც სისხლიანი რევოლუციის მოწყობა უნდა საქართველოში და ახლა დადის და ცდილობს ყველანაირად დააზიანოს საქართველო.
ის საუბრობს ჩინეთთან ურთიერთობაზე, იმ ჩინეთთან, რომელთანაც სტრატეგიული პარტნიორობა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს და თურმე მარტო საქართველოს არ უნდა ჰქონდეს, იმიტომ რომ ასე გადაწყვიტა, რადგან საქართველოს ზოგიერთ „დაუძინებელ მეგობარს“ არ მოსწონს ჩვენი მეგობრობა ჩინეთთან. ეს ქვეყნის მომავლისათვის ნამდვილად კარგი იქნება, როგორც ეკონომიკურად, ასე პოლიტიკურად და ახლა ეს ქალიც იმეორებს ამ ნარატივს. თუმცა, ისიც მინდა აღვნიშნო, რომ იძულებული გახდა უკან წაეღო თავისი სიტყვები, იმიტომ, რომ ასეთი სულელური განცხადების გამო ჩვენ მოგვიწია თავის მართლება და ბოდიშის მოხდა ჩინეთის ხელისუფლებისთვის. ვფიქრობ, ის მცირერიცხოვანი ადამიანები, ვისაც სჯეროდა სალომე ზურაბიშვილის, ახლა მაინც დარწმუნდნენ, რომ ეს ქალი არ არის გასაშვები ქვეყნის გარეთ. არაფრით არ შეიძლება ვანდოთ მას ქვეყნის ბედი და ქვეყნის შიგნითაც არ შეიძლება მისი ნდობა იმიტომ, რომ რადიკალური ოპოზიციის ნარატივზე ზის,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მანვე მარტის აქციები გაიხსენა და ისაუბრა იმაზე, თუ რა მოწოდებებს აკეთებდა ზურაბიშვილი მომიტინგეთა მისამართით. „გავახსენებ საზოგადოებას მარტის აქციებს, როდესაც ჩვენ ვცდილობდით ამერიკული „ფარას“ ანალოგი გამჭვირვალობის კანონპროექტის მიღებას, რომელიც უბრალოდ უფრო შერბილებული და უფრო დემოკრატიული იყო, გამოვიდა და დიდი სიამაყის გრძნობით მოუწოდა ახალგაზრდებს არ დამორჩილებოდნენ პოლიციის მოთხოვნებს, გაეგრძელებინათ სირენის ხმაზე ცეკვა-თამაში, რითაც საფრთხის ქვეშ დააყენა ახალგაზრდები, მათი ჯანმრთელობა, მათი მომავალი, ანუ არ აინტერესებს ამ ქალს ჩვენი ახალგაზრდები, ეუბნება მათ გადაუსვით ყველაფერს ხაზი, გახდით კრიმინალები, მერე რა, რომ ციხეში წახვალთ, დაიზიანეთ ჯანმრთელობა, ეს იყო მისი მოწოდება, რომ არაფერი ვთქვათ კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაზე, რომელსაც ის დღემდე სჩადის,“ - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.