გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გენადი არველაძე: საქართველო მიზნად ისახავს გაერთიანებულ სამეფოსთან ხანგრძლივი და აქტიური თანამშრომლობის გაძლიერებას

21-11-2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციამ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური სავაჭრო შეთანხმებების კომიტეტში საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პრეზენტაციასა და განხილვის პროცესში მიიღო მონაწილეობა.


გენადი არველაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს დიდ ბრიტანეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას და მიზნად ისახავს ხანგრძლივი, მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და აგრძელებს რეფორმების მხარდაჭერას, რომლებიც მიმართულია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.


აღნიშნულ შეთანხმებას 2019 წლის 21 ოქტომბერს მოეწერა ხელი, ხოლო ძალაში 2021 წლის 1 იანვრიდან შევიდა. ამ შეთანხმებით ჩანაცვლდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების შეთანხმება ბრიტანეთთან ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში ბრექსიტის შემდგომ.


აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს და სტრატეგიული პარტნიორობისთვის ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს და ამავდროულად უზრუნველყოფს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნებას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების განხილვა, ე.წ. ფაქტობრივი პრეზენტაცია (Factual Presentation) ხორციელდება ორგანიზაციის გამჭვირვალობის პრინციპის თანახმად, რა დროსაც ყველა წევრ სახელმწიფოს შესაძლებლობა ეძლევა გამოხატოს პოზიცია ან დასვას შესაბამისი შეკითხვები. პრეზენტაციის დროს ხდება შეთანხმების აღწერა და დეტალური განხილვა.