გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრები, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით შვედეთში იმყოფებოდნენ

24-11-2023

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრები, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით შვედეთში იმყოფებოდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრები გაიმართა შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტოში.


მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის თანამედროვე მიდგომების, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის და კონსერვაციის, ეკოტურისტული საქმიანობისა და სტატისტიკურ მონაცემთა ანალიზის მიმართულებებით. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებიც განიხილეს.


შეხვედრებს ესწრებოდნენ საქართველოში შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელი ხათუნა ზალდასტანიშვილი და პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ცენტრალური განმახორციელებელი ერთეულის ხელმძღვანელი, პროექტის მენეჯერი ნათია ბერიძე.


ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა შვედეთის ორი ყველაზე პოპულარული ეროვნული პარკი, ფერნებოფიერდენი და ტიურესტა დაათვალიერეს და შვედეთის ეროვნული პარკების მართვის სპეციფიკას და საუკეთესო პრაქტიკას გაეცნენ.


საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრები, ვიზიტის ფარგლებში, შვედეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ირაკლი ხუცურაულს შეხვდნენ. საუბარი შეეხო საქართველოსა და შვედეთის გარემოსდაცვითი მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობის საკითხებს.


როგორც ირაკლი ხუცურაულმა აღნიშნა, შვედეთის მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნების საკითხს და მხარს უჭერს სხვადასხვა გარემოსდაცვითი პროექტის განხორციელებას. აღნიშნული მხარდაჭერის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობასა და შვედეთის მთავრობას შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარე პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ წარმატებით ხორციელდება 2021 წლიდან. პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და აღდგენის ხელშეწყობა, სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება.


პროექტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, შვედეთის მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით, არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა ხორციელდება, მათ შორის, გაიხსნა 2 ახალი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური. 2023 წლის ბოლომდე, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი, ჯამში, 8 ავტომატური და 1 მობილური სადგურით გაფართოვდება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გარემოსდაცვითი მიმართულებით განხორციელებული აღნიშნული აქტივობები დადებითად შეფასდა ევროკავშირის მოხსენებაში.