28-11-2023
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში წარდგა. მინისტრმა განათლების სისტემის ყველა საფეხურზე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და მეცნიერების სფეროს განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.
სიტყვით გამოსვლისას გიორგი ამილახვარმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა განათლებისა და მეცნიერების სისტემის დაფინანსების ზრდის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს განათლების სფეროს განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს და სწორედ ამის ნათელი დასტურია განათლების სისტემის ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი.
როგორც მინისტრმა საუბრისას აღნიშნა, განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება 2023 წელს 2 მილიარდ 77 მილიონ, 780 ათას ლარს შეადგენდა, ხოლო 2024 წელს ბიუჯეტი უპრეცედენტო ნიშნულს 2 მილიარდ 508 მილიონ ლარს მიაღწევს.
მინისტრის განცხადებით, 2012 წელთან შედარებით, როდესაც განათლების სფეროს დაფინანსებისთვის მხოლოდ 626.8 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, 2024 წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ბიუჯეტი გაიზრდება 300%-ით.