28-11-2023
მცხეთაში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობის ინიციატივით გამოვიდა პარლამენტში გამართულ „მინისტრის საათზე“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე და შესაბამისი წინადადებით მან განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი ამილახვარს მიმართა.
„მე ხშირად მაქვს კომუნიკაცია განათლების სამინისტროსთან და არცერთი საკითხი რეაგირების გარეშე არ რჩება და ეს საუკეთესო მაგალითია საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის.
სკოლების სარეაბილიტაციო სქემაში ჩართული იყო მცხეთის პირველი სკოლა, საიდანაც ბავშვები უნდა გადასულიყვნენ მეორე საჯარო სკოლაში და აღმოჩნდა, რომ ეს სკოლა არანაკლებ ცუდ დღეშია. სამხარაულის დასკვნა არ იძლეოდა ამ საკითხის გადადების შესაძლებლობას, ამიტომ რიგითობა შეიცვალა.
შესაბამისად, პირველი სკოლის რეაბილიტაცია გადაიდო, მაგრამ შენობა იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ მხოლოდ რემონტი შედეგს ვერ გამოიღებს. მინდა გთხოვოთ, არათუ რეაბილიტაციის თანმიმდევრობა შევცვალოთ, ვიზრუნოთ იმაზე, რომ მცხეთას ნამდვილად სჭირდება ახალი სკოლა და ეს იქნება გონივრული და საჭირო გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, ეს იქნება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
თავის მხრივ, მინისტრმა ინიციატივა საინტერესოდ შეაფასა და გამოთქვა მზადყოფნა მისი იმპლემენტაციისათვის.
„რაც შეეხება დიმიტრი ხუნდაძის შეკითხვას მცხეთის სკოლების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ჩვენ გვისაუბრია ამ თემაზე და დეტალებში აღარ შევალ.
ვფიქრობ ძალიან საინტერესო ინიციატივა წამოაყენეთ ახლა. მე არ ვფიქრობ, რომ ამ სკოლებს არ უნდა მივხედოთ და ამის გეგმა არის. ინიციატივას რაც შეეხება, მზად ვარ, სამინისტროც მზადაა. იუნესკოს მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, აქ უფრო კომპლექსურად იქნება საჭირო საკითხის შესწავლა. თუმცა, მზად ვარ, განვიხილოთ ეს გეგმა და მომავალ წელს ჩავსვათ ბიუჯეტში. ამ კუთხით გიდასტურებთ მზაობას და გახსნილი ვიქნები მუშაობისთვის,“ - დასძინა გიორგი ამილახვარმა.