გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან დავითაშვილი: ჩვენ საკმაოდ დიდი გეგმები გვაქვს იმისთვის, ენგურჰესი წარმატებულად ფუნქციონირებდეს და ამასთან, ჩვენს ენერგოპოტენციალს სხვა პროექტების განხორციელების კუთხით ვავითარებდეთ

12-12-2023

„ენერგეტიკულის გარდა, ენგურჰესი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროექტიცაა, რადგან ის ერთ-ერთი იშვიათი ძაფია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩვენს თანამოქალაქეებთან თანამშრომლობისთვის, ვფიქრობ - წარმატებული თანამშრომლობის. ასევე ენგურჰესი არის იმედისმომცემი, რომ ჩვენ ერთ დროს შევძლებთ და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ხალხთა შორის კავშირებს აღვადგენთ", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ენგურჰესის 45-ე იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.


ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში ენგურჰესის, როგორც ქვეყნისთვის ათწლეულების განმავლობაში უმნიშვნელოვანესი ენერგო-ობიექტის და ზოგადად, ენერგეტიკის დარგის, ამ მხრივ საქართველოში არსებული პოტენციალის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ენგურჰესი ქვეყნის გენერაციის 1/3-ზე მეტს წარმოადგენს და მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სისტემის სტაბილურობისთვის. ასევე ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის ახალი პროექტების განხორციელების აუცილებლობას.


„ენგურჰესი იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ შეგვიძლია ძალიან მნიშვნელოვანი ჰიდროელექტროსადგურები ვაშენოთ და ვმართოთ და ქვეყნის ენერგეტიკა განვითარდეს განახლებადი ენერგიების გამოყენების მიმართულებით. საქართველოს ამ კუთხით ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, რომელსაც ჩვენ სამწუხაროდ, არ ვიყენებთ. თუმცა, დღეს ჩვენთვის ენერგეტიკა პრიორიტეტული დარგი და მიმართულებაა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ჯერ კიდევ შარშან გამოცხადდა, რომ ენერგეტიკა განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებდა ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკაში. მნიშვნელოვნად გააქტიურდა სამინისტროც ენერგოპროექტების, ასევე კერძო საშუალო და მცირე პროექტების განვითარების მიმართულებით. მაგრამ ასევე ჩვენ არცერთი წუთით შეგვიჩერებია მუშაობა მსხვილი, მნიშვნელოვანი პროექტების განვითარების კუთხით, როგორიცაა, მაგალითად, ხუდონჰესი, რომელიც პირდაპირ კავშირშია ენგურჰესის ეფექტურად მუშაობასთან", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


ამასთან, ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რომ ეს პროექტები, უკვე ახლებურად გააზრებული, ახალი დიზაინით და უფრო ეფექტიანად განხორციელდეს და ქვეყნის ენერგოპოტენციალი მეტად იქნას ათვისებული - რათა საბოლოოდ მიღწეულ იქნას ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა. ლევან დავითაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ გლობალურად არასტაბილური ვითარების და მათ შორის ჩვენს რეგიონშიც არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე ენერგოდამოუკიდებლობას ალტერნატივა არ აქვს, წარმატებული და კონკურენტუნარიანი ეკონომიკა კი შეიძლება ვითარდებოდეს მხოლოდ ენერგორესურსების სწორად და ეფექტიანად გამოყენების შემთხვევაში.


ენგურჰესის 45-ე იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ჰესის თანამშრომლები, პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების და ენერგოსექტორის წარმომადგნელები დაესწრნენ. ღონისძიებაზე დააჯილდოვეს „საპატიო ენგურჰესელები" - სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ვინც 45 წლის განმავლობაში უზრუნველყოფდნენ ჰესის ფუნქციონირებას. ამასთან, გაიმართა ენგურჰესის ისტორიისადმი მიძღვნილი, თომა ჩაგელიშვილის მიერ გადაღებული ფილმის პრეზენტაცია და ჩვენება.


„ჩვენ საკმაოდ დიდი გეგმები გვაქვს იმისთვის, რომ პირველ რიგში, შევინარჩუნოთ ეს მნიშვნელოვანი ობიექტი, წარმატებულად ფუნქციონირებდეს და ამასთან, ვავითარებდეთ ჩვენს ენერგოპოტენციალს სხვა პროექტების განხორციელების კუთხით", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.