გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

როგორც აჩუქა სვანეთის მთავარმა თათარხან დადეშქელიანმა ავსტიელ ქალიშვილს, ცენცი ფონ-ფიკერს უშბის მთა

26-09-2018

ავსტრიული გამოცემის, «Die Presse»-ის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში გადმოცემულია საქართველოს მთიან რეგიონებში მოგზაურობის შთაბეჭდილებები. ყურადღება ეთმობა როგორც სტეფანწმინდას, მთა ყაზბეგს, გერგეტის წმინდა სამების ეკლესიას, ასევე სვანეთის ღირსშესანიშნაობებს.

 

საინფორმაციო პორტალი region.ge გთავაზობთ  ჰაროლდ კლაუსის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:

 

„მარადთოვლიანი ყაზბეგის მთა მოქუფრული შეგვხვდა - მას თითქოს არ სურდა ჩვენთვის თავისი სილამაზე ეჩვენებინა და სახეს ღრუბლებით იფარავდა. როგორც ამბობენ, მითიურ ჰეფესტოს დაუმორჩილებელი პრომეთე სწორედ მყინვარწვერზე მიუჯაჭვავს. სტეფანწმინდაში ბევრი ტაქსია, რომელთა მეშვეობით თქვენ თერგის ხეობაში მდებარე ბევრ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას ნახავთ. ზამთრის სპორტის მოყვარულებს შეუძლიათ სამთო-სათხილამურო კურორტს - გუდაურსაც ეწვიონ, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენებურ - ავსტრიულ შლადმინგს და კიცბიუელს ქართული გუდაური ვერ შეედრება“, - აღნიშნულია სტატიაში.

 

„სვანეთში წასასვლელად ისევ უკან, სამხედრო გზით თბილისისკენ ვბრუნდებით. გავიარეთ გორთან და საქართველოს სეპარატისტულ რეგიონთან - სამხრეთ ოსეთთან ახლოს, ქუთაისი და აი, მრისხანედ გამომზირალი ქონგურებიანი კოშკების მხარეშიც მივედით. სვანები მკაცრი მთიელი ხალხია. მათი ხასიათი, როგორც ჩანს, ასევე მკაცრი ლანდშაფტითა და ცხოვრების პირობებითაა ჩამოყალიბებული. სვანეთში 8-თვიანი ზამთარი, მოკლე გაზაფხული და შემოდგომა იცის, ზაფხული კი მხოლოდ ორი თვე გრძელდება. ცხადია, ასეთი ცხოვრება ადამიანის სულსა და გონებაზე გავლენას ახდენს. საკვირველია, რომ სვანებს არასოდეს თავიანთი მეფე არ ჰყოლიათ და ყველაფერს ადათ-წესებით არეგულირებდნენ. ადრე ძალიან ხშირი ყოფილა ქალთა გატაცებები და სისხლის აღების (შურისძიების) ფაქტები. ადგილობრივი არქაული წესები საქართველოს ხელისუფლებას დღესაც თავს ახსენებს: როცა თბილისიდან ამას წინათ მთავრობის წარმომადგენლები სვანეთში ჩავიდნენ ხე-ტყის უკანონო ჭრის აღსაკვეთად, ისინი მოულოდნელად ბლოკ-პოსტების წინ აღმოჩნდნენ“.

 

სტატიაში აღწერილია სვანეთის ადმინისტრაციულ ცენტრი - მესტია, ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები (თამარ მეფის ძეგლი, მუზეუმი). „მესტიაში არსებული სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი გერმანული ინვესტიციებით განახლდა 2013 წელს. მისი მოდერნისტული შენობა არამარტო გარეგნულად აოცებს მოგზაურს, არამედ იქ არსებული ექსპონატებიტაც, რომლებიც კომპაქტურ წარმოდგენას იძლევა ქვეყნის მდიდარ ისტორიაზე“, - წერს ავტორი.

 

„მესტიაში კაფე-ბარების სიუხვეზეც შეიმჩნევა“, - აღნიშნავს ჰაროლდ კლაუსი და ავსტრიელ მკითხველებს აფრთხილებს: „სვანური სამზარეულოს კერძები გემრიელია, მაგრამ არცთუ ისე მრავალფეროვანი. საერთოდ კი, ფრთხილად იყავით: იქაური ცხიმი შეიძლება ძნელად მოსანელებელი იყოს ცენტრალურევროპული კუჭისათვის“.

 

ავტორი ვრცლად გადმოსცემს შთაბეჭდილებებს უშგულის შესახებაც, რომელიც იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და რომელიც ევროპის ყველაზე მაღალმთიან სოფლად ითვლება. აღწერილია შხარას მთაც. სტატიის ავტორი ყურადღებას აქცევს ძველი და ახალი ცხოვრების ატრიბუტებს: „კოშკებთან ახლოს ფიჭური სატელეფონო კავშირის ანძები დგას“, - წერს იგი. „საერთოდ, სვანეთში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს დაიწყო - აშენდა სასტუმროები, მოეწყო სათხილამურო ტრასები, საბაგირო გზები“, - აღნიშნულია სტატიაში.

 

დასასრულს, ავტორი ეხება უშბას - ორთავიან მთას, რომლის მწვერვალზე ასვლა ძნელია და გასული საუკუნის დასაწყისამდე მიუდგომლად ითვლებოდა.

 

„1903 წელს სვანეთში ჩამოვიდნენ ავსტრიელი (ინსბრუკელი) ალპინისტები, მათ შორის ავსტრიელი ქალიშვილი, სახელგანთქმული ტიროლელი მთამსვლელისა და ალპების მკვლევარ ჰაინც ფონ ფიკერის და  - ცენცი ფონ ფიკერი, რომლის ოცნება უშბას დალაშქვრა იყო. სამწუხაროდ, მიზნის შესრულება ქალიშვილმა ვერ მოახერხა: მთაზე ასვლისას ერთმა ალპინისტმა გონება დაკარგა და ჯგუფის  ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, დაშავებულის საბაზისო ბანაკში გადაყვანა სწორედ ცენცი ფონ-ფიკერს დაევალა. მოგვიანებით მან მაინც მოახერხა შედარებით უფრო დაბალი მთის დაპყრობა. ავსტრიელი ქალიშვილის ასეთი წარმატებით მოხიბლულ სვანეთის მთავარს თათარხან დადეშქელიანს ცენცი ფონ-ფიკერისათვის უშბის მთა უჩუქებია. სხვათა შორის, ჩუქების დამადასტურებელი დოკუმენტი მიუნჰენის ალპურ მუზეუმში ინახება. ამრიგად, კავკასია ავსტრიული ალპინიზმის ისტორიის ნაწილსაც ინახავს“-ნათქვამია სტატიაში.