17-01-2024
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჩაქვში ნინოშვილის ქუჩა №12-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა.
პროექტით გათვალისწინებულია შენობის სრული რეაბილიტაცია. მოეწყობა საპარკინგე და სხვა სახის ღია სივრცეები, შენობის ფასადსა და ინტერიერში ჩატარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები.
პარალელურად სააგენტო იწყებს მუშაობას შენობის ინტერიერის დიზაინზე. იგი ითვალისწინებს თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით საგამოფენო სივრცის მოწყობას, სადაც შესაძლებელი იქნება ქართული ჩაის ისტორიის სრული სურათის გაცნობა, ჩაის დეგუსტაცია, სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება და ა.შ.
შედეგად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ბაზაზე ქართული საზოგადოება მიიღებს კიდევ ერთ ახალ, საინტერესო და მიმზიდველ კულტურულ ცენტრს. XIX საუკუნის ბოლოს აშენებული ლაო ჯინ ჯაოს სააგარაკე სახლი საინტერესო გეგმარებითა და დახვეწილი ფორმებით ხასიათდება.
იგი ამ დროის ნაგებობათა შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ამ სახლთან ჩაქვისა და ზოგადად იმ დროის ბათუმის ეკონომიკური განვითარების საინტერესო ისტორიები და ბიოგრაფიებია დაკავშირებული. 1893 წელს საქართველოში ლაო ჯინ ჯაო სამი წლით მოიწვიეს, თუმცა მან აქ 30 წელი იცხოვრა და ქართული ჩაის განვითარების ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.