გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კარლო ამირგულაშვილი: მცირე მასშტაბის პროექტების შემთხვევაში არ არსებობს სამართლებრივი ვალდებულებები გარემოზე ზემოქმედების შესაფასებლად, თუმცა ბალდის კანიონთან დაკავშირებით გადაწყდა, კვლევა ჩატარდეს

17-01-2024

ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემაში „მაესტრო რეგიონები“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კარლო ამირგულაშვილმა ბალდის კანიონის განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი მცირე მასშტაბის პროექტების განხორცილების შემთხვევაში არ არსებობს გარკვეული სამართლებრივი ვალდებულებები გარემოზე ზემოქმედების შესაფასებლად, თუმცა გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში მსჯელობის შედეგად გადაწყდა, რომ ასეთი კვლევა ჩატარდება.

 

„მივიღეთ გადაწყვეტილება, სამინისტრომ უფრო მეტად ღია და მონაწილეობრივი გახადოს ეს პროცესი და უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ჩართულობა ყველა დაინტერესებული მხარის და, მეორე მხრივ, განახორციელოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურები. ადგილზე მოხდეს გასვლა ბალდის კანიონზე, რათა შევისწავლოთ ამ პოტენციური ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შესაძლო ზემოქმედების საკითხები გარემოზე და ამავდროულად წარმოდგენილი იყოს რეკომენდაციები, რომელიც უკავშირდება პოტენციურად ეკოტურისტული უკვე ბიომრავალფეროვნების ინტერპრეტაციაზე მორგებული სერვისების შეთავაზებას ამ ტერიტორიისთვის.

 

ერთია კონკრეტული ბილიკის მოწყობა, როლერის მოწყობა და ვიზიტორების დაინტერესება და მეორე, რომ უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს ამ ტერიტორიებს თავისი ბიომრავალფეროვნების გამოვლენის და მისი ინტერპრეტაციის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩვენ მოვიწვევთ დარგობრივ სპეციალისტებს; კომისია დაკომპლექტდება როგორც სამინისტროს, ისე დაცული ტერიტორიების სააგენტოს და იმ უწყებების თანამშრომლებით, რომლებსაც აქვთ შესაბამისი კომპეტენცია, მათ შორის ჰიდროლოგებს,  რადგან უნიკალურ მდინარესთან გვაქვს საქმე და შესაძლებლობა გვექნება, რომ უკვე ადგილზე შევაფასოთ პოტენციური ზემოქმედების საკითხები. აქვე დავძენ, რომ ჩვენ ამ შეფასებაზე დაყრდნობით, რა თქმა უნდა, მოვამზადებთ სათანადო დასკვნას. ჩვენ ამ დასკვნას განვიხილავთ კომისიის ფარგლებში და ადგილზე მოსახლეობასთან“, - განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა.

 

ბიომრავალფეროვნების და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ეროვნული პარკები და დაცული ლანდშაფტები არის იმ კატეგორიის დაცული ტერიტორიები, რომლებიც განსაკუთრებული პოტენციალით გამოირჩევიან. ამ კატეგორიებში    არსებობს შესაძლებლობა, რომ ადამიანის  და გარემოს  ჰარმონიული თანაცხოვრებას შევუწყოთ ხელი;  ერთი მხრივ, დავიცვათ  ბიომრავალფეროვნება და, მეორე მხრივ, ადამიანებს მივცეთ საქმიანობის სწორი განვითარების  შესაძლებლობა.