გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

„შემოდგომის ლეგენდა“ 2023-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

25-01-2024

სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ 2023 წლის გამარჯვებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, თორნიკე ლელაშვილი გახდა.


ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.


მათივე ცნობით, მას უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო 1000 ლარი, კონკურსის პრიზი, კომპანია „გალფის“ სპეციალური საჩუქარი, შატო შუხრანის და სულაკაურის წიგნის მაღაზიის ვაუჩერები გადაეცა. გამარჯვებული მომდევნო კონკურსის -2024 წლის კონკურსის ლიტერატურული ჟიურის წევრი გახდება. ასევე გამოვლინდნენ კონკურსის მეორე და მესამე ადგილის მფლობელები - გურამ ხარშილაძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) და ლუკა ჭყოიძე (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), რომლებიც შესაბამისად 700 და 500 ლარის ოდენობის ჯილდოთი და პრიზებით დასაჩუქრდნენ.


დაჯილდოების ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნინო გვენეტაძე, კონკურსის მონაწილეები, ჟიურის წევრები, პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.


როგორც კონკურსის გამარჯვებულმა თორნიკე ლელაშვილმა აღნიშნა, პროექტში გამარჯვება მისთვის მოულოდნელი, სასიხარულო და ამავდროულად ძალიან საპასუხისმგებლოა.


„ეს კონკურსი ჩემთვისაც და ყველა ფინალისტისთვის არის იმპულსი, უკუგება იმის, რომ მართლა შეგიძლია წერა და არის კარგი ტრამპლინი სამომავლო შემოქმედებითი წინსვლისთვის“,- განაცხადა თორნიკე ლელაშვილმა.


კონკურსის პარტნიორი 2023 წელს - კომპანია „გალფი“ გახდა. მე-15 „შემოდგომის ლეგენდის“ იმპროვიზაციული ტური კახეთში, წინანდლის მამულში გაიმართა. კონკურსის ათმა ფინალისტმა 12 საათის განმავლობაში, ჟიურის შერჩეულ თემაზე „24/7“-ზე ახალი ნაშრომები შექმნა.


ინფორმაციის თანახმად, წლევანდელი კონკურსის ჟიურიში იყვნენ ქართველი მწერლები დათო ტურაშვილი, მაკა ლდოკონენი, თეონა დოლენჯაშვილი, დავით ქართველიშვილი, ივა ფეზუაშვილი და 2022 წლის კონკურსის გამარჯვებული თაკო წულაია, ასევე, კომპანია „გალფის“ წარმომადგენელი ნინო ჯიბლაძე.


„ეს ტრადიცია, რომელიც შეიქმნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არის მნიშვნელოვანი ქართული თანამედროვე მწერლობისთვის. საინტერესო ავტორების პერსპექტიულ მწერლებად ქცევა - ამ პროცესის ხილვა არის ძალიან საინტერესო. საკონკურსო თემის ირგვლივ ორიგინალური მოთხრობები შეიქმნა. ვფიქრობ, არც ერთი არ უნდა გაჩერდეთ, მიუხედავად იმისა საპრიზო ადგილს მიიღებთ თუ არა. ეს თავგადასავალი, გამოცდილება უკვე მნიშვნელოვანია, ეს მხოლოდ დასაწყისია დიდი გზის“, - მიმართა სტუდენტებს ჟიურის წევრმა თეონა დოლენჯაშვილმა დაჯილდოების ღონისძიებაზე.

უნივერსიტეტის განმარტებით, პროექტის ორგანიზატორის ნინო კალანდიას ინფორმაციით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი - „შემოდგომის ლეგენდა“ - 15 წელია ტარდება. პროექტში მონაწილეობის მიღება ყველა ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებს შეუძლიათ.


„ყველას, ვისაც სურვილი და ამბიცია აქვს, რომ იყოს ქართული ლიტერატურის ნაწილი, გვიგზავნის ნაშრომს. მიხარია, რომ ყოველ წელს ასე აქტიურად ერთვებიან სტუდენტები. კონკურსის 10 საუკეთესო ნაშრომი დაიბეჭდა ბროშურაში. ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ მათ შეუძლიათ წერა“,- აღნიშნა ნინო კალანდიამ.


„შემოდგომის ლეგენდა“ განკუთვნილია მათთვის, ვინც ქმნის პროზაულ ნაშრომებს, სურს მიიღოს ლიტერატურული გამოცდილება, გაიცნოს სფეროს წარმომადგენლები და გააცნოს თავისი ნაშრომი საქართველოს.


15 წლის მანძილზე კონკურსს ჰყავდა შემდეგი პარტნიორები: კომპანია „ჯეოსელი“, „სილქნეტი“, „აჭარა ჯგუფი“, „Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA“, კომპანია „გალფი“.