30-09-2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზვიად ძიძიგური წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მარტვილში ამომრჩევლებს შეხვდა.
როგორც ძიძიგურმა შეხვედრისას განაცხადა, სალომე ზურაბიშვილს პარლამენტში ძალიან მნიშვნელოვანი და პატრიოტული, კარგი საქმე აქვს გაკეთებული.
„ამაზე მინდა ორიოდე წუთით თქვენი ყურადღება შევაჩერო. ეს არის ორმაგი მოქალაქეობის მიღების გამარტივების საკითხი იმ ქვეყნისთვის, რომელსაც მილიონზე მეტი მოქალაქე ჰყავს ემიგრაციაში საქართველოდან.
ჩვენ, კარგად გვახსოვს რა პროცესები წარიმართა ა ქვეყანაში 1992 წლის შემდეგ და ამან გამოიწვია ის, რომ ძალიან ბევრი ჩვენი თანაქალაქელი, თანასოფლელი უცხოეთშია წასული და დღესაც ტირის, ისე უნდა საქართველოში დაბრუნება. ის, რომ ორმაგი მოქალაქეობის მიღება გამარტივებულიყო, ეს ინიციატივა ქალბატონ სალომეს ეკუთვნის, მან შემოიტანა და ჩვენ ასეთი ტიპის ფორმულირება მივიღეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ქალბატონმა სალომემ, როგორც დიდი ემიგრაციის, ყველაზე ძველი ემიგრაციის წარმომადგენელმა საქართველოს პირველი მთავრობიდან, მიიღო ასეთი გადაწყვეტილება“-განაცხადა ძიძიგურმა.