30-09-2018
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დღეს ჩხოროწყუში ამომრჩევლებს შეხვდა.
როგორც ბესელიამ შეხვედრისას აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს იმიტომ სურს გახდეს ამ ქვეყნის პრეზიდენტი, რომ ემსახუროს საქართველოს იმ ერთგულებით და სიყვარულით, როგორითაც მან ეს წლები გამოიარა.
„მინდა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვხატო. ჩვენ ერთმანეთი იმ ცნობილი მოვლენების დროს, 2007 წელს გავიცანით, როდესაც ძალიან დიდი მღელვარება დაიწყო იმ სისტემისა და იმ რეჟიმის წინააღმდეგ.
მე მახსოვს 2007 წლიდან დღემდე ყველა ეტაპი , ყველა გზა, ყველა დღე, ყველა ნაბიჯი, ყველა გადაწყვეტილება. მახსოვს როგორი სიყვარულით, როგორი თავდადებით, როგორი უშიშრობით, როგორი პრინციპულობით იბრძოდა სალომე ზურაბიშვილი. იშვიათად მინახავს ამდენი ღირსება და თვისება ასე ერთად თავმოყრილი. ის, რომ სამშობლოს განსაკუთრებული სიყვარული აქვს, ეს გასაგებია, რადგან დაიბადა საფრანგეთში, ცნობილი და ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის ყველაზე დრამატული მოვლენების გამო აღმოჩნდა იგი საფრანგეთის მოქალაქე, რომელზეც მან დღეს უარი თქვა, ვინაიდან მას უნდა გახდეს ამ ქვეყნის პრეზიდენტი, იმისათვის, რომ ემსახუროს საქართველოს იმ ერთგულებით და სიყვარულით, როგორითაც მან ეს წლები გამოიარა“-განაცხადა ბესელიამ.