12-02-2024
„გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვის გაუგებარია ის უმოქმედობა, რომელსაც პრეზიდენტი იჩენს ამ მიმართულებით, ვინაიდან ყველასათვის ცხადია, რომ ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და თანამშრომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან“- ასე პასუხობს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომ სალომე ზურაბიშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვება ამ დრომდე არ მიულოცავს.
ირაკლი ჩიქოვანი პრეზიდენტის ამ ნაბიჯს უგუნურ გადაწყვეტილებად აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს აზიანებს ჩვენი სახელმწიფო ინტერესებს და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიზნებს აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან.
„გვაქვს განსაკუთრებული ურთიერთობა აზერბაიჯანის ლიდერთან, აბსოლუტურად ყველა ლიდერს ჰქონია განსაკუთრებული ურთიერთობა, რამაც ხელი შეუწყო არაერთხელ ჩვენ ორ ქვეყანას შორის წარმატებული პროექტების განხორციელებას და მეორეს მხრივ, ელემენტარული, დიპლომატიური ეტიკეტის საკითხია, რომ ეს მილოცვა აქამდე ბევრჯერ უნდა გაჟღერებულიყო. ვერ გეტყვით, რამდენად გამოდგება გამართლება, რომელსაც პრეზიდენტის ზოგიერთი დამცველი იყენებს, ამ შემთხვევაში, თითქოს რომ ოფიციალური შედეგები ჯერ არ არის ცნობილი, მაშინ, როდესაც ეს შედეგები საკმარისია იმისათვის, რომ ევროკავშირის ლიდერებმა, სხვა სახელმწიფოების ლიდერებმა, მათ შორის, ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა მიულოცეს და უსურვეს წარმატებები ბატონ ალიევს ახალი პრეზიდენტობის პირობებში, რატომ არ არის ეს საკმარისი ქალბატონი პრეზიდენტისთვის.
კიდევ ერთხელ მგონია, რომ ეს აზიანებს ჩვენი სახელმწიფო ინტერესებს, აზიანებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიზნებს აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან და მეორეს მხრივ მგონია სულაც უგუნური გადაწყვეტილება, მაგრამ შესაძლებელია ეს ყველაფერი გარკვეული სქემის ნაწილი იყოს, რომელსაც ძალიან დიდი ხანია პრეზიდენტი აღასრულებს და გარკვეულ დავალებებს მიყვება.“-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.