17-02-2024
ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ "დინამოს" შესახებ წარმოებულ ჟურნალისტურ მოკვლევასთან დაკავშირებით, პორტალ region.ge-ს დამფუძნებელი, ალეკო ჩუბინიძე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოიკითხა.
როგორც ჩუბინიძე აცხადებს, მან გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც მის მიერ დაფუძნებული მედიაპლატფორმების მიერ წარმოებული ჟურნალისტური მოკვლევის შედეგად ბოლო თვეების განმავლობაში იქნა მოპოვებული.
„ჩვენს მიერ წარმოებული ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა მთელი რიგი ფაქტორები, რაც კითხვის ნიშნებს ბადებს და რაც, სავარაუდოდ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
კონკრეტულად, საქმე ეხება ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ "დინამოს" ბალანსზე არსებული ქონების საეჭვო ვითარებაში გასხვისებას საბაზროზე წარმოუდგენლად დაბალ ფასად, აგრეთვე გადასახადების თავის არიდებას კლუბის ქონების იჯარიდან მიღებული შემოსავლებიდან.
კლუბის ქონების არარეალურ ფასად გასხვისების ფაქტები ძირითადად ზაქრო ვარაზაშვილის დირექტორობის დროს ფიქსირდება, რის შესახებაც, საგამოძიებო სამსახური აგრეთვე ინფორმირებულია.
რაც შეეხება ჩვენი მედიაპლატფორმების მიერ მოპოვებულ მასალებს, ამჟამად მათი სისტემატიზაცია მიმდინარეობს, რის შემდეგაც მას საგამოძიებო სამსახურს უახლოეს დღეებში გადავცემთ.
გარდა ამისა, კლუბის დირექტორის, ზაქრო ვარაზაშვილის მხრიდან შესაძლოა, კლუბის ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები არ იყოს ერთადერთი, რაც სამართლებრივად კითხვებს აჩენს.
აღნიშნული ქეისი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციაა და მის შესახებ საზოგადოება უახლოეს დღეებში იქმნება ინფორმირებული“ - აცხადებს ჩუბინიძე.
საინფორმაციო პორტალი region.ge ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ "დინამოს" შესახებ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაციას პერმანენტულ რეჟიმში გააშუქებს.