გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ჯაბა სამუშიამ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან სამუშაო შეხვედრა გამართა

22-02-2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჭოუ ციენთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.


შეხვედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ დელეგაციის წარმომდგენლებს გააცნო უნივერსიტეტის ისტორია, საგანმანათლებლო პროგრამები, მათ შორის, შორეული აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულებაზე არსებულ სინოლოგიის პროგრამაზე ისაუბრა, სადაც სტუდენტები ჩინეთის ისტორიას, კულტურასა და ჩინურ ენას სწავლობენ. თსუ რექტორის ინფორმაციით, აღნიშნულ პროგრამაზე ინტერესი სტუდენტების მხრიდან მაღალია.


„პროგრამის კურსდამთავრებულები დასაქმებული არიან საელჩოში, ასევე სწავლას აგრძელებენ ჩინეთში. ამიტომ, ამ მიმართულების განვითარება მნიშვნელოვანია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე თანამშრომლობს რამდენიმე უნივერსიტეტთან ჩინეთის რესპუბლიკაში და ჩვენი მიზანია, ჩინეთის რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, უნივერსიტეტებთან, კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლა“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.


შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ჭოუ ციენის თქმით, უმაღლესი განათლების, სამეცნიერო მიმართულებების, ტექნოლოგიების განვითარება ჩინეთის რესპუბლიკისთვის სტრატეგიული მიმართულებაა.


„ვფიქრობ, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლა, საუნივერსიტეტო და კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლობა და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანი იქნება“, - აღნიშნა ელჩმა.


პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჩინეთის უმაღლეს სასწავლებლებს შორის არსებული აკადემიური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას და გაფართოებას კვლევითი ცენტრების დონეზე. ასევე, ხელს შეუწყობენ ერთი მხრივ, ჩინური ენის, კულტურის, ისტორიის სწავლების განვითარებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; სახელმძღვანელოების, ლიტერატურის განახლებას. მეორე მხრივ, ქართული ენის სწავლებას ჩინეთის უნივერსიტეტებში.